მიშა მაგარია!

იმის შესახებ, რომ საქართველოში ადგილი იარაღის უკანონო ბიზნესს ჰქონდა, ,,ვერსიას”, კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით, არაერთხელ დაუწერია. ამჯერად კი აღნიშნულს გენერალი ადასტურებს _ დიახ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს მეხუთე ნაწილში იმ სქემის შესახებ საუბრობს, რომლითაც არმიაში ვიღაცები სერიოზულ ,,მაყუთს” აკეთებდნენ.

_ ერთხელ, შუაღამისას, მიშამ კანცელარიაში გამომიძახა. გარეთ ტელევიზიები იცდიდნენ. მასთან, კაბინეტში დამხვდა ზურაბ ჟვანიაც. გავიფიქრე, რაღაც მორიგი ოინია-მეთქი. მიშა უკვე მანქანაში მეუბნება, რამდენიმე სამხედრო ნაწილში ძალოვნების მზადყოფნა უნდა შევამოწმოთო. მივუგე, ძალიან კარგი იდეაა, შემოწმებას პერიოდულად მეც ვატარებ, ოღონდ თუ რეალური სურათი გაინტერესებს, ერთი სამხედრო ნაწილი უნდა შეამოწმო, თორემ მერე ერთმანეთს გადასცემენ-მეთქი. საუბარში ზურიკო ჩაერია, არანაირად, მოქმედების გეგმა ჩვენ უკვე შედგენილი გვაქვს. დავინტერესდი, საიდან დავიწყოთ, სად მივდივართ-მეთქი. სად და, შინაგანი ჯარის პირველ ოპერატიულ ბრიგადაშიო. ბატონ ზურიკოს ,,პატივდებისთვის” მადლობა გადავუხადე.
მოკლედ, პირდაპირ შინაგანი ჯარის პირველ ოპერატიულ ბრიგადას მივადექით. დათვალიერება-განგაში თანმხლები შენიშვნებითა და შეკითხვებით ტელევიზიების პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ,,პირველმა ოპერატიულმა” გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
2004 წელია… ჯარიანად სამაჩაბლოში ვარ. ჩემმა დაზვერვამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ გორში, ლევან ნიკოლეიშვილთან ერთად, მანქანაში ისხდნენ ჩეჩნები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებში მუშაობდნენ. მეორე დღეს ჩემთან, ბაზაზე ამოვიდნენ მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი. მეუბნებიან, პრეზიდენტის ბრძანებაა, შენთან მყოფი რუსული სპეცსამსახურების აგენტი ჩეჩნები დავაპატიმროთო. რა თქმა უნდა, გამეცინა, ამით რის თქმა გინდათ, გუშინ თქვენს მანქანაში მსხდომი ჩეჩნები პატრიოტები იყვნენ და არ ასრულებდნენ რუსეთის დავალებას, ჩემი ჩეჩნები კი, რომლებიც საბრძოლო პოზიციებზე შინაგანი ჯარის ჯარისკაცებთან ერთად ათენ-აღამებენ, რუსეთის აგენტები არიან-მეთქი?
საუბარი გამწვავდა. ბოლოს, ვუთხარი, ჩემს ხალხს არ ვუღალატებ, თითსაც ვერ დააკარებთ-მეთქი. ირაკლიმ მითხრა, გოგი, ეს ჩემი იდეა არაა. პრეზიდენტის ბრძანებაა, წადი და იმას ელაპარაკეო.
_ მიშას დაელაპარაკეთ?
_ კი, შევხვდი. მკაცრად მელაპარაკა, ლექცია წამიკითხა და მითხრა, რომ პოლიტიკურ შეცდომებს ვუშვებდი. ბოლომდე უსიტყვოდ მოვისმინე. მერე მკითხა, ამიხსენი, რა ხდებაო. ვუპასუხე, პოლიტიკოსი არ ვარ, ჯარისკაცი ვარ. თუ ჩეჩნებთან კავშირი პოლიტიკური შეცდომაა, მაშინ ვინც ეს ამბავი მოგიტანა, მათთან ურთიერთობა რატომ ჰქონდა. რა გამოდის _ მისთვის, ვინც ინფორმაცია მოგიტანა, ჩეჩნებთან ურთიერთობა შეიძლება, ჩემთვის კი _ არა-მეთქი? ყველაფერი დროის, ადგილისა და მანქანის პატრონის დასახელებით მოვუყევი; ასევე, ისიც, ჩვენი და მათი მხრიდან მოლაპარაკებებს ვინ ესწრებოდა; შემდეგ ისევ ვკითხე, რა გამოდის, ვინც იმ მანქანაში იჯდა, რუსეთის აგენტები არ არიან და ვინც დღე და ღამე ჩემს ჯარისკაცებთან ერთადაა, აგენტები არიან? მიშა, აშკარად მოსკოვის დავალებაა, რომ გავანეიტრალოთ და დავაპატიმროთ პატრიოტი ჩეჩნები და ამის გაკეთება შენი ხელით უნდათ-მეთქი.
მიშა დაფიქრდა და მკითხა, რას აკეთებენ, ჩეჩნები რაში გეხმარებიანო. მივუგე, მათ რუსებთან ბრძოლის უახლესი გამოცდილება აქვთ-მეთქი; ასევე შევახსენე, შინაგანი ჯარი, პრაქტიკულად, რამდენიმე ასეული ჩავიბარე, ახლა კი ათასობით მყავს. გამოცდილი კადრები მჭირდება-მეთქი. ისიც ვუთხარი, ჩეჩნები კონკრეტულად რას ასწავლიდნენ ჩვენს ჯარისკაცებს. მიშამ შემაწყვეტინა, ჰოდა, გყავდეს, მაგრამ მე არ გავიგოო…
მოკლედ, მიშა მაგარია! აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩეჩენ პატრიოტ ძმებს.


ჩემი დაზვერვა ყველა მიმართულებით მუშაობდა _ ამუშავებდა დედოფლისწყაროს თავდაცვის სამინისტროს ბაზას და ვიცოდით, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ გადასამოწმებელი იყო და ფაქტები უნდა დადებულიყო. ერთ დღესაც დამირეკეს, ,,კამაზები” დატვირთულია და რკინიგზის ეშელონით სამხედრო ტექნიკა-შეიარაღება უნდა გავიდეს საქართველოს გარეთო. ცხადია, მაშინვე პრეზიდენტს შევატყობინე, ბატონო პრეზიდენტო, სამხედრო ტექნიკა ისევ იყიდება-მეთქი და რევოლუციამდელი თხოვნაც შევახსენე, რომ ტექნიკა-შეიარაღების ერთი ერთეულიც არ განადგურდებოდა, პირიქით, მოხდებოდა რესტავრაცია-მოდერნიზება. ჩემგან რა გინდაო? _ მკითხა მიშამ. ვუპასუხე, რა და, მხოლოდ ბრძანება, რათა აღვკვეთოთ ეს უმსგავსობა-მეთქი. ასევე, გავაფრთხილე, რომ ამ საქმით მაღალი ეშელონები იყვნენ დაკავებულნი. დამიყვირა, წადით და შეასრულეთ ჩემი ბრძანებაო!
დედოფლისწყაროში გაფრენამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე გივი თარგამაძეს ვთხოვე, სპეცოპერაციაზე გამოყოლოდა. ასევე, წავიყვანეთ მედიის რამდენიმე წარმომადგენელი _ ალბათ, ბევრს გახსოვთ ამ თემაზე თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი. ადგილზე რაც დაგვხვდა, ჩვენს ინფორმაციასა და ფანტაზიას ბევრად აღემატებოდა. ამ სამხედრო ტექნიკის ნაწილი აფხაზეთის ომის დროს რომ გვქონოდა, ცხადია, შედეგი სხვანაირი იქნებოდა. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით დაწყებული, საარტილერიო და ა.შ., ახალი ჭურვებითა და ვაზნებით დამთავრებული _ ყველაფერი იჭრებოდა, იშლებოდა და იყიდებოდა, საქართველოდან გადიოდა…
_ ამას ვინ კურირებდა?
_ ამ გზით შემოსული თანხის გარდა, საქართველოს ბიუჯეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იყო საკმაოდ მსუყე სახსრები გამოყოფილი ამ ე.წ. უტილიზაციისთვის. შირმად ჰქონდათ, ეს რუსული და ,,მორალურად დაძველებული” შეიარაღებაა. საქართველოს კი ნატო-ს სტანდარტების ტექნიკა-შეიარაღება სჭირდებაო. შე დალოცვილიშვილო, ჯერ შეიძინე და მერე გაანადგურე! იმიტომ რომ ძველია, სახლი ვის დაუნგრევია და ქუჩაში ვინ დარჩენილა? ისე, რომელ ძველ ტექნიკაზეა საუბარი, როცა უმეტესობა ,,ტაოტიანი” და შეფუთული იყო. რამდენიმე დღეში ,,კს-19”-დან საკონტროლო გასროლაც კი გავაკეთეთ პოლიგონზე. გარდა ამისა, 31-ე ქარხანასთან გვქონდა მოლაპარაკება, მაშინ დირექტორი ბატონი თორდია იყო, რომელიც სხვათა შორის, ბევრ რამეში დაგვეხმარა _ ერთობლივი მონდომებით შინაგანი ჯარისთვის ქართული წარმოების ბევრი სამხედრო პროდუქტი გაკეთდა, მათ შორის, 200 ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტმყორცნი და ა.შ… 120-იანი ნაღმმტყორცნის გამოსაშვებად უვარგისი ,,კს-19”-ის ლულები ითხოვა, საიდანაც ერთიდან ორი გამოჰყავდა.
თბილისში ჩასვლისთანავე პრეზიდენტთან შევიკრიბეთ. გივი თარგამაძე პრეზიდენტს ნანახს ისეთი შეშფოთებული უყვებოდა, რომ ჩემგან სიტყვის ჩამატებაც კი არ იყო საჭირო. ანალოგიური რეაქცია ჰქონდა მიშასაც. ვანო მერაბიშვილს უსაყვედურა, ასეთ საქმეებს შინაგანი ჯარი უნდა ხსნიდეს, რას აკეთებს შენი დაზვერვა და კონტრდაზვერვაო. ამასობაში, შემოდიან ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძე წინადადებით, მოდი, გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება, რომ შინაგანი ჯარის სარდალს შეეშალაო…
_ ამაზე სააკაშვილმა რა უპასუხა?
_ არ გავაგრძელებ მოყოლას, იქ რაც მოხდა…
ამ საქმეს კონტრდაზვერვა იძიებდა, საიდანაც მითხრეს, საუბარი მილიარდზეა და ფრთხილად იყავი, ამას არ შეგარჩენენო. ჩემი სიტყვები დადასტურდა.
_ რა სიტყვები?
_ მილიონების კეთებას თავი რომ დავანებოთ, ეს, რა თქმა უნდა, მოსკოვის დავალება იყო. ბევრი მათგანი, ვინც იმ საქმის სათავეში იდგა და ფარულად ასრულებდა მოსკოვის დავალებას, დღეს ღიად მოქმედებს და მდიდარი, ,,წარმატებული” ბიზნესმენია! ჭეშმარიტად ყოვლისშემძლეა წითელი ინტელიგენციაც!
სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. წლების განმავლობაში მთელი

სქემა იყო აწყობილი: ჯერ ჯარიდან პროფესიონალ არტილერისტებს იცილებდნენ. შემდეგ, სამხედრო ტექნიკას, არტილერიას, აფუჭებდნენ და ხდებოდა ჩამოწერა. შესაბამისად, ნადგურდებოდა საბრძოლო მასალაც, რადგანაც დანადგარი აღარ არსებობდა. ეს _ საუკეთესო შემთხვევაში, თუ არადა, საწყობში ,,ჩნდებოდა” ხანძარი.
2004 წელს თავდაცვას 18 ჩამოწერილი ,,დ-30” გამოვართვი (ეს ეპიზოდიც გაშუქდა ტელევიზიით), თვრამეტივე გარედან იყო გაფუჭებული, თუმცა ის ვერ გათვალეს, რომ შიგნიდან უჟანგავი მეტალით იყო გაკეთებული და ჟანგი ადვილად აეცალა. ყველა საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე. თავდაცვას ასევე გამოვართვი გაპარტახებული, ჩამოწერილი ,,გრადები”, აღვადგინე და საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე. მინდა, ყველას, ვინც ამ საქმეში ბევრი უძილო ღამე გაატარა, მადლობა გადავუხადო! ეს _ ორი სიტყვით, უფრო ვრცლად შემდეგ…
_ ბატონო გოგი, რით ასაბუთებთ, რომ ყველაფერ იმის კვალი, რაზეც ახლა საუბრობთ, მოსკოვამდე მიდის?
_ საერთოდ, კრემლი მთელ მსოფლიოში და ამიერკავკასიაშიც, კერძოდ, საქართველოში უამრავ კონფლიქტს გეგმავს, აფინანსებს და ახორციელებს.. კონფლიქტები ხორციელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობლებთან. პრინციპი და სცენარი ერთი და იგივეა. კონფლიქტის გაღვივების ადგილებში ორივე მხარეს ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით. ეს დიდი თემაა, თუ დაგაინტერესებთ, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა საქართველოს დავუბრუნდეთ.
_ ანუ, ადასტურებთ მოარულ ხმას, რომ იგივე თბილისის ომის დროს კრემლი გამსახურდიას მომხრეებსაც ეხმარებოდა და მოწინააღმდეგეებსაც?
_ კრემლი ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ოდნავ ეხმარებოდა, ოპოზიციას კი _ სრულად. სამაჩაბლოში კონფლიქტის დროს ჩვენც გვეხმარებოდა და მათაც. აფხაზეთში ომის დროსაც ასე იყო. იმავდროულად, სამართავი ბერკეტები ყოველთვის მის ხელში რჩება. ასე რომ, ან ისე დაამთავრებს კონფლიქტს, როგორც აფხაზეთში მოხდა, ან დააკონსერვებს, როგორც _ სამაჩაბლოში.
_ მოსკოვს კონფლიქტების გაყინვა რატომ აწყობს?
_ გარდა იმისა, რომ კონფლიქტის ზონა ქვეყნის სამართავი ბერკეტია, იმავდროულად, ე.წ. შავი ზონაა, სადაც იდება გარკვეული თანხა ანუ ფულის გათეთრების, ტრაფიკის, ნარკოტიკისა თუ კონტრაბანდის მუდმივი საბადოა.
2004 წლამდე, სამაჩაბლო დაკონსერვებული კონფლიქტის კლასიკური ზონა იყო. კონტრაბანდა, პირველ რიგში, დიდ ზიანს საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს აყენებდა _ სპირტის, საწვავის, სიგარეტის, ფქვილის, კვების სხვა პროდუქტების ამ ფორმით შემოდინება ხალხს აზიანებდა. სამაგიეროდ, მდიდრდებოდა სახელისუფლებო ეშელონები, როგორც თბილისში, ასევე _ ცხინვალში. ცხინვალისა და გორის ძალოვნები სათავისოდ აკონტროლებდნენ და თავიანთი მსუყე ლუკმაც ჰქონდათ აღნიშნული კერიდან. ამ საქმეში სამშვიდობოებიც იყვნენ ჩართულნი. განსაკუთრებულად კარგი წილი ჰქონდა სამშვიდობო ძალების სარდალს.
რუსების მიერ აწყობილი ბალანსი 2004 წელს ხელის ერთი მოსმით დაირღვა. დისბალანსის მიზეზი შინაგანი ჯარი, კერძოდ, მისი რეორგანიზაცია-გაძლიერება აღმოჩნდა, რაც პირველად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გამოიკვეთა.
_ ანუ?
_ ჩემი დანიშვნიდან ორიოდ თვეში, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან ჯარს დავალებული ჰქონდა, გამოეყვანათ ოთხ-ოთხი ათასი სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის სამინისტრომ დავალება ვერ შეასრულა, მე კი გავიყვანე ოთხი ათასი სამხედრო აღლუმზე.
_ ეს როგორ მოახერხეთ?
_ აშშ-ს სამხედრო ატაშესთან, პოლკოვნიკ მითჩელ ჯექსონთან ვმეგობრობდი. ერთხელ მითხრა, რუსები შენზე და შინაგან ჯარზე სერიოზულად მუშაობენ. ღიადაც ამბობენ, რომ ვერც შენ გაკონტროლებენ და ვერც _ შინაგან ჯარს. მათთვის სახიფათო ძალა ხარ. შენ, შენი ჯარით, საქართველოს ერთ კუთხეში რომ ჰგონიხარ, ორ საათში სხვა მხარეს გხედავენ. რუსების პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენი სტანდარტებით, ამხელა შენაერთის გადასროლისთვის ათი დღეა გათვალისწინებული და მიკვირს, როგორ ახერხებთო.
მივუგე, საქართველო პატარა ქვეყანაა. იმის ფუფუნება არ გვაქვს, ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს დღეების განმავლობაში და საბრძოლო პოზიციები დავიკავოთ. ეს 1-2 საათში უნდა მოხდეს. დიდ ქვეყნებს ამ მხრივაც მეტი ფუფუნება გაქვთ. თუ არავისგან ვაპირებთ თავდაცვას, მაშინ აბსოლუტურად საკმარისია, ერთი სარიტუალო შენაერთი გვყავდეს-მეთქი.
ქვეყნის შიგნით და გარეთ, საელჩოებში ხმა გავარდა, რომ ქვეყანაში ორი ჯარია და მეორე თავდაცვის სამინისტროს სჯობნის. შეიძლება, ბევრს ახსოვს გაბრაზებული ნავდზოროვის სიტყვები: ,,ეტო ნე ვნუტრენნიე ვოისკა, ეტო ვეს სპეცნაზ!”
რეალურად, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დაიშალა ჯარები, ის იყო, რომ შინაგანი ჯარი გახდა მობილური, ძლიერი, მოტივირებული და საკმაოდ მრავალრიცხოვანი. თავისი დაზვერვით, ტექნიკა-შეიარაღებით, ავიაციით, არტილერიით, რაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ბევრს არ აძლევდა ხელს.
არჩევნების წინ პოლიტიკოსები მუდმივად უამრავ დაპირებას გასცემენ, მათ შორის, ომის ვეტერანებს დასაქმებასაც ჰპირდებიან, მაგრამ მერე ავიწყდებათ, ან მაქსიმუმ ათ კაცს ასაქმებენ.
_ ეს რა შუაშია?
_ მახსოვს, გია ყარყარაშვილმა გასცა ბრძანება, რომ ომის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში ნაომარი ბიჭები პრობლემების გარეშე მიეღოთ და ,,კვოტა” შინაგან ჯარზეც დაუშვა. სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს არ გააკეთეს და ბრძოლა ჯერ სარდალთან მომიწია, მერე _ მინისტრთან. ამის შემდეგ ბევრი თანამებრძოლი მოხვდა სამხედრო და პოლიციის აკადემიაში.
რაც შეეხება 2004 წელს, რევოლუციამდე ვეტერანებისთვის მიცემული სიტყვა პირნათლად შევასრულე _ შინაგანი ჯარის კარი მათთვის გახსნილი იყო, კადრები მუშაობდა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. მაშინდელ მინისტრ გია ბარამიძეს ვთხოვე და ანალოგიურ რეჟიმში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებიც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბარამიძესთან მუშაობის დროს ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მაქსიმალური მხარდაჭერით ვმუშაობდი. ასეთი კურიოზიც მოხდა შინაგანი ჯარის შტატების დამტკიცებისას: ერთ-ერთ ბიჭუნა-მაღალჩინოსანს, ჩვენი შედგენილი შტატი არ მოეწონა და ,,კომპეტენტური” შესწორების შეტანა მოინდომა. საერთოდ, ასეთი ეპიზოდი უამრავია. მაგალითად, იუსტიციის მინისტრ სააკაშვილის ბრძანებით შევადგინე შტატი და შევიტანე განსახილველად შესაბამის სამსახურში. მაშინაც პატარა ბიჭუნა დამხვდა თანამდებობაზე და პირველი, რაც გააკეთა, გადახაზა შტაბის უფროსი, ეს რა არისო.
ვკითხე, ჯარში გიმსახურიათ-მეთქი? მომიგო, არაო. მივხვდი, ახსნას აზრი არ ჰქონდა და ვთხოვე, ოღონდ ეს არა და რომელიც გინდა, სხვა გადაშალე-მეთქი. ბოლოს, მიშამ გადაწყვიტა ანუ ჩემს მიერ შედგენილი შტატი დაამტკიცა. ეს იმას მოვაყოლე, რომ ამჯერად მინისტრმა ბარამიძემ ,,მიშველა” _ ჯარის შტატი, ჩემს მიერ შეთავაზებული ფორმით, ძალაში დატოვა.
2004 წელს ორ ათასზე მეტი ოფიცერი აღვადგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ოფიცრის აღდგენა და დანიშვნა, როგორც წესი, 5-6 თვე იწელებოდა და 2-3 ათასი ღირდა. ჩემს დროს ეს, მაქსიმუმ, ერთ კვირაში და ცხადია, უფასოდ კეთდებოდა, თან არც იმაზე იყო საუბარი, ვინ სად მსახურობდა, ვინ ვისთან ომობდა და მონაწილეობდნენ თუ არა რევოლუციაში. მთავარია, არ ყოფილიყო ნასამართლევი და ჯანმრთელობაც ჰქონოდა. შინაგან ჯარში ამ საქმეს მთელი გულით აკეთებდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები, ჩემი მოადგილე კადრების დარგში, პოლკოვნიკი ოთარ გონაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დამხვდა და კადრების უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ ჩაკვეტაძე, რომელიც მთელი ცხოვრება კადრებში მსახურობდა.
ცხადია, უკმაყოფილოებიც იქნებოდნენ. მაგალითად, ერთი მეგობარი მოვიდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ომის ვეტერანია, წლების წინ სამმართველოს უფროსად მუშაობდა და მუშაობის დაწყება მთხოვა, რაზეც ვუპასუხე, ჩემი მოადგილეების თანამდებობები დაკავებულია, არც ვინმეს გაშვებას ვგეგმავ. ვაკანტურია სამმართველოს უფროსის თანამდებობა, სადაც ადრე მუშაობდი-მეთქი. მომიგო, ამაზე ხომ ვმუშაობდიო და უკმაყოფილო წავიდა.
ისე, ერთეულები, ნასამართლეობის გამო, კადრებმა არ მიიღეს.
უშუალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ იყო ომის ინვალიდების რეაბილიტაცია და დასაქმება. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებდა: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი ომისა და შენაერთის ინვალიდი იყო. ინვალიდები მიღებისთანავე გადამზადების ან მომზადების სპეციალურ კურსს პროფილია და შესაძლებლობის მიხედვით გადიოდნენ. ძირითადად, ზურგის სამსახურში საქმდებოდნენ.
ჯარში დაბრუნდნენ პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში არავის სჭირდებოდა.
_ ბატონო გოგი, მგონი, თავს იქებთ…
_ შეგიძლიათ, ასე ჩათვალოთ, მაგრამ როგორ არ აღვნიშნო საქართველოს არტილერიის მამა, გენერალი ემზარ ჭოჭუა, საინჟინრო სამსახურის მამა, პოლკოვნიკი ანზორ მაღლაკელიძე თუ სხვა პროფესიონალები, მაგრამ ამაზე კი ბატონო, სხვა დროს ვისაუბროთ.
მე მხოლოდ მაღალი ჩინის ოფიცრებს ვხვდებოდი და მათ დანიშვნას შეძლებისდაგვარად ვწყვეტდი.
ჩემი დანიშვნის შემდეგ გია შერვაშიძე დაცვის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს და მთხოვა, ,,ჩემი ხალხი” ცოტა ხანს იყოს, მერე წავიყვანო. ვუთხარი, ყველა დარჩეს, ამომიდგეს მხარში და იმუშაოს. საერთოდ, უფროსების ცვლისას ხალხის სამსახურიდან გაყრა საშინელი ტრადიციაა. ეს საკუთარ თავზეც მწარედ მქონდა გამოცდილი. შერვაშიძის მეორე თხოვნა ის იყო, რომ ორი-სამი დღე დასჭირდებოდა კაბინეტიდან პირადი ნივთების გასატანად, რაზეც დავთანხმდი. ისე, ესეც ძალიან ცუდი ,,ტრადიცია” გვაქვს _ დაინიშნებიან თუ არა, წინას არ აცლიან პირადი ნივთების გატანას. საბურთალოზე შინაგანი ჯარის სამმართველოში ვიჯდებოდი თუ ორთაჭალაში, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა ამასობაში, მიშამ დამირეკა, რაო გოგი, შინაგან ჯარში არ გიშვებენო? მივუგე, კიდევ კარგი, შენც იცი, რომ შინაგანი ჯარი ჩემს მხარეს ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო-მეთქი.
კადრების შერჩევასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კორუფციასთან ბრძოლა იყო. პირველივე თათბირზე გამოვაცხადე, რომ უმუშევრობის პრობლემა არავის შეექმნებოდა, მაგრამ ღალატსა და კორუფციას არავის ვაპატიებდი. ჩამოვთვალე შინაგან ჯარებში არსებული ყველა კორუფციული გარიგება თავისი ფასებითურთ. კორუფციული ურთიერთობის დასამთავრებლად გამოვაცხადე ათდღიანი ვადა. ცხადია, კორუფცია მხოლოდ შინაგანი ჯარის სენი არ იყო, სხვა ძალოვან სტრუქტურებშიც მეტ-ნაკლებად ანალოგიური რაღაცები ხდებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ძალოვანმა სტრუქტურებმა ზურგი შეაქციეს თავიანთ გენერლებსა და რევოლუციის მხარეს გადმოვიდნენ, ის იყო, რომ წლების განმავლობაში სამშობლოს პატრიოტულად უხელფასოდ ემსახურებოდნენ. თუ შესაბამისი კავშირები გქონდა, 50%-ს აიღებდი, თუ არადა 70% უნდა დაგეტოვებინა და შენი კუთვნილი ხელფასიდან 30%-ს აიღებდი.
_ ე. ი. საკადრო საკითხებში არავინ ერეოდა?
_ ვანო, წეღან გითხარით, რომ გია ბარამიძის მხარდაჭერა მქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამსახური, ასევე ქალბატონი ქეთევან ნაცვლიშვილი და სხვები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდნენ შინაგანი ჯარისათვის. არ მახსოვს ვინმეს ზარი ან თხოვნა, რადგან კადრების კარი ყველასთვის ღია იყო. იმ პერიოდში ბევრი ცნობილი ადამიანი მიკავშირდებოდა და დახმარებას მთავაზობდა, ვისაც რით შეეძლო. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილი გახლდათ, რომელიც მზად იყო, გარკვეული თანხა გაეღო ჯარის სასარგებლოდ. ვუთხარი, თითქმის ყველა სასადილოსა და საწყობში ჩამოდის წყალი და თუ შეძლებ, ნახე ორგანიზაცია, რომელიც გადახურავს-მეთქი.
_ დაგეხმარათ?
_ დიახ…

(გაგრძელება იქნება

ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი – 1%-იანი ბარიერი საჭიროა იმისთვის, რომ პატარა პარტიებიც მოხვდეს პარლამენტში, რაც საზოგადოებაში უთანხმოებას განმუხტავს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო