მიმდინარე სეზონზე, საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა

გასული წლის 8 დეკემბრის შემდეგ პირველად, საქართველოში, გასულ კვირაში სეზონური ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია ბე ტიპის ვირუსზე. ა ტიპის გრიპის ვირუსის, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები ამ სეზონზე ჯერ არ დაფიქსირებულა. სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გასული კვირის სიტუაციას ასახავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუსის გარდა, ვეყანაში ასევე ცირკულირებს ბოკავირუსი, რინოვირუსები და სხვადასხვა სეზონური ვირუსი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს პირველი სეზონია, როდესაც გრიპის ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, ა ტიპის ვირუსი კი საერთოდ არ ფიქსირდება. მიზეზად სპეციალისტები ახალი კორონავირუსის პრევენციული ზომების მიღებას და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებენ.

სეზონური გრიპის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

„დისტანციის დაცვამ, ჰიგიენამ სხვა რამეზეც იმოქმედა. ხომ ნახეთ, რომ გრიპი წელს თითქმის არ არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.