მიხეილ სარჯველაძე – არ შეიძლება ადამიანებისთვის ხელმეორედ კითხვა, რა არის მათი არჩევანი, მაშინ, როდესაც ერთხელ ეს გაკეთებულია

არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია და ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა, თუ რა არის მათი არჩევანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კვლავ განსახილველი არ შეიძლება იყოს საკითხი, თუ როგორია ამომრჩეველთა პოლიტიკური არჩევანი პარლამენტის დაკომლექტებასთან დაკავშირებით.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ,რომ უშუალოდ დეტალებს, პირობებს, რომელიც შეიძლება იყოს განხილვის და დისკუსიის საგანი მოლაპარაკების მაგიდასთან, იმაზე მეტს ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ზოგადად, პირობებთან და მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არის. მახარებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის იმედისმომეცემი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იმედიანად არიან განწყობილი. სასურველი იქნებოდა, მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდეს, თუმცა, ეს შედეგი არ გულისხმობს იმას, რომ იქ, სადაც წითელი ხაზი უნდა გაივლოს, რაც გულისხმობს ხელმეორედ ამომრჩევლის ნების გარკვევას, ვფიქრობ, წარმოუდგენელია, რომ ამაზე გადიოდეს შეთანხმების ხაზი. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია და ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა, თუ რა არის მათი არჩევანი, მაშინ, როდესაც ერთხელ ეს გაკეთებულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი თემების მოსაძებნად, სადაც შესაძლოა, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსენსუსს მიაღწიოს.

„კვლავ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ხელმეორედ ამომრჩევლის წინაშე საკითხის დაყენება, თუ როგორი უნდა იყოს მათი პოლიტიკური არჩევანი პარლამენტის დაკომლექტებასთან დაკავშირებით, ეს განსახილველი არ შეიძლება იყოს და სწორედ ამას ვუწოდებთ ბოლო ხანებში წითელ ხაზს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ალბათ, მოინახება ისეთი თემები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება კონსენსუსი შედგეს. აქა-იქ გაიჟღერა კიდეც ოპონენტების მხრიდან მსგავსმა თემებმა. ყველაზე მნიშვნელოვანია, განწყობა იყოს ყველა მხარისგან საიმისოდ, რომ ვიპოვოთ თემები, სადაც შეგვეძლება ვისაუბროთ“,-განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძეზე პატრული ქვეითს დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიანიუ იორკში 128 წლის პროტესტანტულ ტაძარში ხანძარი გაჩნდა