მიხეილ სააკაშვილი: ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ

ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით, – ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო დაწესებულებიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მისი თქმით, იგი მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან.

როგორც სააკაშვილის წერილში ვკითხულობთ, ასევე ადგილი ჰქონდა მასზე ძალადობას.

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა, „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში?!“ და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე როგორც პალატაში, სადაც სცადეს რაღაც გაურკვეველი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი, ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა. მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თითოეული თქვენთაგანის, არ შეგვეშინდეს მათი, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია მართალი ვართ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.

პ.ს. მიმართვა ნიკა მელიას, ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ ნიკა შენს გადაწყვეტილებას, გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას, ყოჩაღ ამისთვის“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სამარცხვინოა, – ამის შესახებ The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
შემდეგი სტატიაბასილაია – გაიტაცეს და მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი