მიხეილ სააკაშვილი: საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მდებარე კონგრესის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო აუცილებლად გაიმართება წელში. ისევ შეახსენებს მსოფლიოს, რომ არსებობს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად არ წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან, სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე და ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენთან სახლში. ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. ნურაფრის შეგეშინდებათ.

ეს მსოფლიო კრებების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. შემდეგი მთავარი შეკრება აუცილებლად იქნება თბილისში, რუსთაველზე. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ყველანი დავირაზმებით. ყველა გზა მიდის თბილისისკენ, გამარჯვებისკენ და საქართველოს მომავლისკენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან პარტიის ლიდერები და აქტივისტები ჩავიდნენ.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად განაცხადეს, მათ განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: რანაირად ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია, კალიგრაფიაა მეგრული? ლ მიაგკი ზნაკით იყო დაწერილი?
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ ჩავიდეთ საქართველოში