კახა მიქაია: რანაირად ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია, კალიგრაფიაა მეგრული? ლ მიაგკი ზნაკით იყო დაწერილი?

კახა მიქაია: “თალაკვაძემ, კობახიძემ და მდინარაძემ კალაძეს ჩაავლონ ხელი, ხოლო მათიკაშვილს სანთელი დაუნთონ”

საქართველოს ხელისუფლება მომსახურების ზონიდან გავიდა _ განათლების მინისტრმა გამოცდები გააუქმა და სტუმარმასპინძლობის სასწავლებლის გახსნას აპირებს, გუგული მაღრაძემ მეგრული კალიგრაფია აღმოაჩინა, არჩილ თალაკვაძე კი ნიკა მელიას ხელის ჩავლებით ემუქრება, თან ისეთი ჩავლებით, რომ ვერავინ გააშვებინოს.

რა სჭირს ხელისუფლებას, რაზე კაიფობს ბიძინა ივანიშვილი, სადამდე გაგრძელდება ცირკი, რა გადაწყდება მერის რიგგარეშე არჩევნებზე ზუგდიდში? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

_ ბატონო კახა, განათლების მინისტრი სამეგრელოში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელს ხსნის. ჩვენი მთავრობა კლოუნადას გვიწყობს თუ რა ხდება?
_ ამაზე რა უნდა გითხრათ, მივესალმები ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებლის გახსნას და თქვენი გაზეთით ხელისუფლებას ვთავაზობ ჩემს ინიციატივას _ სასწავლებელი თანდათან გაფართოვდეს და საბოლოოდ სტუმარმასპინძლობის უნივერსიტეტად გადაკეთდეს.
ასევე მინდა, უნივერსიტეტის რექტორის თუ არა, მარნის კარის ჭრიალის ფაკულტეტის დეკანის კანდიდატურა შემოგთავაზოთ: ზუგდიდელი ბირჟავიკების, ე.წ. კოლორიტებისა და შარაფისტების რიგებიდან, რომლებიც ჯერ ედუარდ შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის, შემდეგ მიშა სააკაშვილისა და როლანდ ახალაიას და დღეს ბიძინა ივანიშვილისა და ლევან შონიას სადღეგრძელოების წარმოთქმისას განსაკუთრებული “ვირტუოზობით” გამოირჩევიან.
ეს ყველაფერი ხუმრობით გითხარით, მაგრამ, არ გამიკვირდება, თუ მარნის კარის ჭრიალის ფაკულტეტი მართლა აამოქმედეს. ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარაფერია გასაკვირი. ამათ სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს და მაგრად გავერთობით.
სოციალური ფონი უმძიმესია. ხალხი შიმშილობს და ამ შიმშილობის ფონზე ხსნიან სტუმარმასპინძლობის სასწავლებელს. ეს არის ხალხის დაცინვა და მეტი არაფერი.
_ სამეგრელოში როგორ შეხვდნენ ბატიაშვილის ინიციატივას?
_ როგორ შეხვდნენ და გაეცინათ. “ოცნება” ისეთ დონეზეა მისული, რომ მათზე ვეღარც კი აღშფოთდები. მინდა, ერთი რამე იცოდეთ _ ამ ხელისუფლებაზე გაბრაზება დაამთავრა ხალხმა
დღეს ხალხი “ქართულ ოცნებას” დასცინის, რაც ყველაზე ცუდია. იმ ხელისუფლების ამბავი დამთავრებულია, რომელსაც ხალხი დასცინის.
თქვენ ალბათ გახსოვთ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება. თავიდან საშინლად ვაკრიტიკებდი. მერე ისეთ სისულელეებს ჩადიოდნენ, რომ დაცინვა დავუწყე. დღევანდელმა ხელისუფლებამ სისულელეებით ნაციონალებს გადააჭარბა.
რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც მას ია კერზაიაზეც მოუწია პასუხების გაცემამ. ამ ქალბატონის გარდაცვალების საქმე დეტალურად არის შესასწავლი.
ძალიან კარგი მიმართვა ჰქონდა ქალბატონ იას შვილს, ბაჩანა შენგელიას. მან განათლების მინისტრს ჰკითხა: თქვენ დედა გყავთო? გამახსენდა გენიალური ფილმი “მონანიება”. იქ ისმება ასეთი კითხვა _ დოქსოპულო, შენ დედა გყავს? მთელი `ქართული ოცნება~ დოქსოპულოდ გადაიქცა.
_ ია კერზაიასთან დაკავშირებით ანონიმური წერილი ვინმე ლავრენტი ქირიას აქვს დაწერილი, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, ბუნებაში არ არსებობს. დეპუტატი გუგული მაღრაძე ამტკიცებს, რომ წერილი ზუგდიდელის დაწერილია.
_ რანაირად ეტყობა, რომ ზუგდიდელის დაწერილია, კალიგრაფიაა მეგრული? ლ მიაგკი ზნაკით იყო დაწერილი? ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ეს ისევ გუგულის უნდა ჰკითხოთ, რომელიც სიბრიყვეებში ჩემპიონია.
ახლა რაღაც საგონებელში ჩავვარდი, იქნება მართლაც არის ზუგდიდური დამწერლობა და არ ვიცით. თუნდაც ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ “ოცნებამ” სისულელეებით ყველასა და ყველაფერს გადააჭარბა.
_ ის ბრძენი კაცი ანუ ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს ამაზე? დაახლოებით ერთი წლის წინ ამბობდით, `ოცნების~ ლიდერი ხელქვეითებზე კაიფობსო და იგივე სიტუაციაა?
_ გასულ წელს ეს ვარაუდად მქონდა მხოლოდ, ახლა ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ბრძენი კაცი არც გუგულიზე და არც ბატიაშვილზე სულელი არ არის.
“ოცნების”  ლიდერი მართლა ეკაიფება თანაპარტიელებს. ასეთებს მართლა უნდა ეკაიფო. მათთან როგორ შეიძლება, სერიოზულად ილაპარაკო. მეტსაც გეტყვით, ამათ ქმედებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ადამიანის არასერიოზულობაზე მეტყველებს.
მე პრობლემა არა მაქვს, ეკაიფოს, რამდენიც უნდა თავის თანაგუნდელებს, მაგრამ ამასობაში ქვეყანა ინგრევა.
_ თქვენი აზრით, სადამდე გაგრძელდება ეს კაიფი?
_ ვერ გეტყვით, უბედურება ის არის, რომ ამ კაიფში სადავეები გაექცა ივანიშვილს ხელიდან და ქვეყანა უკან-უკან მიდის.
_ ეს უკუსვლა როდემდე უნდა გაგრძელდეს?
_ 2020 წლამდე ალბათ. მომავალ წელს ძალიან სერიოზული არჩევნები ტარდება ქვეყანაში. სერიოზული ბრძოლა გველოდება ამ გაზაფხულზეც.
_ ამ გაზაფხულზე რა ბრძოლაა?
_ ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება და ეს არჩევნები ბევრ რამეს გადაწყვეტს. ზუგდიდის არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია იქნება.
_ იმედია, იგივე არ მოხდება, რაც რამდენიმე წლის წინ კორცხელში ვიხილეთ.
_ ისე, კორცხელიც ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო და მაგიტომაც მოხდა იქ ის ინციდენტი. ზუგდიდი ყველა პოლიტიკურ მოვლენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამჯერადაც ასე იქნება. “ქართულ ოცნებას” 2020 წლამდე ერთად მისვლა ძალიან გაუჭირდება.
_ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი სირთულეებს დაძლევენ და 2020 წელს ერთიანი გუნდით წარდგებიან არჩევნებზე.
_ უხ, მაგას ვენაცვალე მე. აბა რა, აჩიკო, აბა რა. არჩევნებზე ერთი გუნდით წარდგებით, მანამდე კი სასამართლო შენი კორუმპირებული ძმაკაცების ,`აბსოლუტურ უდანაშაულობასაც~ დაადგენს და ანაკლიაში აღდგენილ სტუდენტურ ბანაკებშიც განახლდება გრიალი საატესტატო გამოცდებისგან გათავისუფლებული გენოფონდის ასაყვავებლად და გასაძლიერებლად.
თალაკვაძესთან ერთი კითხვაც გამიჩნდა დამატებით. პარლამენტში მან ნიკა მელიას უთხრა, კარავში შეგიყვანო.
_ ისე მოგკიდებ ხელს, შეიძლება, ვერ გამაშვებინონო.
_ ეგ კიდევ ბევრ რამეს იტყვის და ისევ ჩემს კითხვას დავუბრუნდები. ნეტა რომელ კარავში მიჰყავს მელია, მიშას დროს ანაკლიაში სტუდენტური ბანაკისთვის რომ იყო განკუთვნილი? ან იქნებ შეეშალა და კარვის ნაცვლად ფარცხალაძის სარდაფი უნდოდა ეთქვა.
_ იმაზე რას იტყვით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ლიდერს ხელის ჩავლებით რომ ემუქრება? არადა, არ ტოვებს თალაკვაძე ძველი ბიჭის შთაბეჭდილებას.
_ ვის უნდა მოსჭიდოს ხელი თალაკვაძემ? არ გადამრიოთ ახლა. არც აჩოია თალაკვაძე, არც იკუჩა კობახიძე და არც ნუპაგაძი მდინარაძე არავის ხელის მომჭიდებლები არ არიან. ძალიან თუ უნდათ მოჭიდება, წავიდნენ და კალაძეს მოჰკიდონ ხელი.
_ კალაძეს ახლა მაგათთვის არ სცხელა _ ლივერპულისა” და “მილანის” ლეგენდების ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
_ ემზადება, თორემ მფრინავმა სამტრედიელმა არ გადარიოს საფეხბურთო სამყარო. კიდევ ვიმეორებ, თალაკვაძემ, კობახიძემ და მდინარაძემ კალაძეს ჩაავლონ ხელი, ხოლო მათიკაშვილს სანთელი დაუნთონ.
_ მათიკაშვილს რატომ უნდა დაუნთონ სანთელი? მაგან გააცნო ეგ სამეული კალაძეს?
_ მათიკაშვილი მაგარი კოლორიტია. მათიკაშვილი სახლში რომ მყავდეს, ტელევიზორს საერთოდ არ ჩავრთავ.
_ ზემოთ თქვით, `ოცნებაზე~ სერიოზული კომენტარი არ შეიძლებაო, მაგრამ სერიოზულად ხართ მათზე გაბრაზებული.
_ გაბრაზებული ვიქნები, აბა რა. ქალბატონ ია კერზაიასთან დაკავშირებით როგორც იქცევიან, ეს არის უნამუსობა.

 

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიქართული საგანძურის ფრანგულ ინტერნეტ აუქციონზე გაყიდვის შესახებ ინფრომაცია არ შესაბამება სიმართლეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი