მიხეილ სააკაშვილი მზად არის უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს

ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის უკრაინის მთავრობას ჩაუდგეს სათავეში, რადგან თანამდებობა, რომელსაც ახლა იკავებს, ის არ არის, რაზეც ოცნებობდა.

ამის შესახებ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა „Politico“-თან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერის პოსტზე დაინიშნოს, ოდესის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მას ამის სურვილი აქვს.

„მე მინდა, რომ მონაწილეობა მივიღო რეფორმებში და დიდ ცვლილებებში და ნებისმიერ შემთხვევაში, მე ეს შემიძლია გავაკეთო. მსურს, რომ რეფორმების მედროშე ვიყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოლქის ადმინისტრაციაში მუშაობა ის არ არის, რაზეც ის ოცნებობდა და აღნიშნა, რომ მისთვის არანორმალურია, როცა პრემიერ იაცენუკის პარტიამ „სახალხო ფრონტმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„თუ თქვენ არ გსურთ საკუთარი პოპულარობის შემოწმება, არ ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ რეფორმების ჩასატარებელი მანდატი“, – დასძინა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შევიდა პეტიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ. პეტიციამ განხილვისთვის საჭირო რაოდენობის ხმა დააგროვა. მოგვიანებით პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ სააკაშვილი იქნებოდა შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი, ოღონდ საქართველოსთვის.

ამასთან, პოროშენკომ დააზუსტა, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის პარლამენტი ნიშნავს.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ”
შემდეგი სტატიარომეო საჯაია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება