მიხეილ ჯანელიძე სებასტიან კურცს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ა.წ. 3 ივნისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მინისტრმა ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გათვალისწინებით.

მინისტრები აგრეთვე მიესალმნენ ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, განვითარების, სამართალდაცვით, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას და გამოხატეს მზაობა, იმუშაონ აღნიშნული მიმართულებებით პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ხაზი გაესვა, რომ თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა, რაც 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმება, კიდევ უფრო განამტკიცებს ორმხრივ ურთიერთობებს.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს. მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობასა და ავსტრიული მხარის სამომავლო როლზე რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა მინისტრების მიხეილ ჯანელიძისა და სებასტიან კურცის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარცვანია მერიის სამსახურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა პოროშენკოს რეიტინგით გადაასწრო