ლაშა ფარცვანია მერიის სამსახურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

lasha-farcvaniaქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე, ლაშა ფარცვანიამ ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მისთვის გამოყოფილი ასიგნებების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.
როგორც ლაშა ფარცვანიამ აღნიშნა, ფრაქცია თავიდანვე წინააღმდეგი იყო საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამისთვის თანხის გამოყოფის, რადგან განათლების სამინისტროს უშუალო პრეროგატივაა სკოლების მოვლა-პატრონობა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვა დაიწყო არამიზნობრივად, დამტკიცებული ბიუჯეტის შეუსაბამოდ, რაც გულისხმობს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის შეძენილი სხვადასხვა მომსახურების თუ პროდუქტის დაფინანსებას ბიუჯეტის კოდით 0402, რაც წარმოადგენს საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამას. უფრო კონკრეტულად, 2016 წლის 4 მარტს ქალაქ ზუგდიდის მერიამ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2 ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტორტებისა და ყვავილების თაიგულის შეძენას. ასევე 2016 წლის 11 მარტს შპს „დიარონთან“ გაფორმდა ხელშეკრულება კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის სარესტორნო მომსახურეობასთან დაკავშირებით, რისთვისაც თანხა გამოიყო საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამიდან, ბიუჯეტის სხვადასხვა პროგრამებთან ერთად.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით მსგავსი სახის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო ბიუჯეტის კოდით 050205, რაც გულისხმობს მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას. აღნიშნული 3 ხელშეკურლებით საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული 60 000 ლარიდან კულტურული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა 3 444,50 ლარი. შეგახსენებთ რომ საჯარო სკოლების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს ქალაქის საჯარო სკოლებისთვის ფინასური დახმარების გაწევას, ქალაქის სკოლის მოსწავლეების სასწავლო-შემეცნებითი დონის ამაღლებას, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქალაქის თვალსაჩინო ადამიანების საქმიანობის გაცნობას და კვლევას, შემოქმედებითი კონკურსების ჩატარებას, საზაფხულო ბანაკებში სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლეების დასვენებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგებია: მოსწავლეთა სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებას, დამატებითი განათლების მიცემის ხელშეწყობას, განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეების გამოვლენას და წარმოჩენას.
ზემო აღნიშნული შესყიდვების მხარდაჭერას საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა არანაირად არ ითვალისწინებს. შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მერია საბიუჯეტო თანხებს ხარჯავს საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულების მიხედვით, რითაც ის არ ასრულებს საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რაც კანონით მკაცრად განსაზღვრულია.
ფრაქციის თავმჯდომარემ მოუწოდა ქალაქ ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურსა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები.

banner
წინა სტატიაშიქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე სებასტიან კურცს შეხვდა