მიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობას და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ჩემს კოლეგასთან, ბ-ნ შტაინმაერთან. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და ურთიერთობის ცალკეულ მიმართულებებზე. საუბარი ასევე შეეხო პოზიტიურ ტენდენციებს, რომელიც შეინიშნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და რომლის განხორციელებასაც ბ-ნმა შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ხორციელებს. გერმანიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ძალიან წარმატებული ამ რეფორმების გზაზე, გამოირჩევა როგორც პოლიტიკური ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განვიხილეთ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ გერმანიის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა რათა საქართველომ მიიღოს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან“-განაცხადა ჯანელიძემ.

ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და ათვისების საჭიროება. პრიორიტეტულ ამოცანად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესება და საქართველოში გერმანული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ყურადღება ასევე დაეთმო კულტურისა და განათლების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. საქართველომ მადლობა გადაუხადა გერმანიას ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მიხეილ ჯანელიძემ და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე სამახსოვრო ფოტო გადაიღეს გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტით საკომუნიკაციო საკითხებზე საქართველოდან სასწავლო პროექტით წასულ საჯარო მოხელეებთან.

banner
წინა სტატიაში21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება
შემდეგი სტატიადაღუპული იუნკერების ხსოვნას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა პატივი მიაგეს