მიხეილ ჩხენკელი – სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო

სკოლებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კაბინეტს უსმენენ.

ჩხენკელმა პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები და ზედმიწევნით არის დაცული როგორც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე, სამინისტროს რეკომენდაციები.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მინისტრის პირველი მოადგილე პირადად ეცნობა სკოლებში არსებულ მდგომარეობას, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრები, თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენამდე სამინისტრომ დროულად უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ განახლებული რეკომენდაციების გაგზავნა. რაც შეეხება მშობლებთან კომუნიკაციას, მოსწავლეთა მშობლებისთვის აღნიშნული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით, სკოლები თავად უზრუნველყოფენ.

მინისტრობის კანდიდატმა მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით გამოყო V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება და სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირების უზრუნველყოფა. მისი თქმით, ორ კვირაში ერთხელ საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 20%-ს ტესტირება სისტემატურად უტარდება.

მიხეილ ჩხენკელმა მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა სემესტრის მსგავსად, მოსწავლეთა მშობლებს შეუძლიათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ დისტანციურ ფორმატში ჩატარებული საგაკვეთილო საათებისთვის სამინისტრო მასწავლებლებისთვის დამატებით ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს ეძლევა შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.