მიხეილ ჩხენკელი : მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება, გადაწყდა, რომ სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება. ამასთან, როგორც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრთან მიღწეული შეთანხმებით,
სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

„გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიმანდატურს მოსწავლის გაჩხრეკის უფლება არ აქვს
შემდეგი სტატიაგანათლების მინისტრი – შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას – ჩვენმა ძალისხმევამ უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას