მეუფე ზენონის ოფიციალური მიმართვა სინოდს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 26, 2018 16:29

მეუფე ზენონის ოფიციალური მიმართვა სინოდს

ჩემდამი რწმუნებული მართლმადიდებელი ქრისტიანი თემის თხოვნის პასუხად, რომელიც წარმოდგენილია დმანისში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში და რომელიც დიდ ინტერესს იჩენს უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებასთან დაკავშირებული მოვლენებისადმი, ვაქვეყნებ ჩემს ოფიციალურ წერილს, რომელიც გავაგზავნე მიმდინარე წლის 26 დეკემბერს წმიდა სინოდის სახელზე, საქართველოს საპატრიარქოში. წერილში წარმოდგენილია ჩემი პოზიციაც უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის დაარსების შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარეს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს,
წმიდა სინოდის წევრ ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს,

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო,

თავდაპირველად მინდა გაცნობოთ, რომ ობიექტური მიზეზის გამო მონაწილეობას ვერ მივიღებ წმიდა სინოდის 27 დეკემბრის სხდომაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა სინოდის სხდომაზე განხილული იქნას საკითხი, რომელიც უკავშირდება მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებას, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებასთან დაკავშირებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მე, როგორც წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი მიზანშეწონილად მივიჩნევ, წარმოგიდგინოთ ჩემი პოზიცია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ გულდასმით გავეცანი და შევისწავლე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებისათვის მსოფლიო-საპატრიარქოს მიერ საკმარისად ხანგრძლივ დროში ფილიგრანული მეთოდით მოცემულ სამართლებრივ-ეკლესიოლოგიურ მასალებს, სადაც კანონიკური ნორმებისა და იურიდიული საფუძვლების მიხედვით ზედმიწევნით დასაბუთებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების საჭიროება და ავტოკეფალიის მინიჭების მართებულობა.
ეჭვგარეშეა, რომ მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბებულ იქნა პრესვიგენული საპატრიარქოები, იგივე პენტარქია (“ხუთმთავრობა”) კანონიკური სამართლის შესაბამისი ნორმატივისა და დღემდე არსებული საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ამა თუ იმ ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პრეროგატივა, სამართლებრივი დისკრეცია და ექსკლუზიური უფლება ხელთ უპყრია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს საყდარს. ამასთან, მართლმადიდებელ სამყაროში წამოჭრილი ნებისმიერი სახის ადმინისტრაციული დავა, ზნეობრივი თუ კანონიკური პრობლემური საკითხი და მათ ირგვლივ არსებული სააპელაციო მსჯელობა წარიმართება კონსტანტინოპოლის საეკლესიო-სასამართლო ტრიბუნალთან. (იხ. ქალკედონის IV მსოფ. კრების 9, 17, 28 კანონი; იხ. “მსოფლიო საპატრიარქო ტახტი და უკრაინის ეკლესია”- მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური გვერდიდად, ნაშრომის ქართულ ენაზე თარგმანი შეასრულა ბიზანტინისტმა, ფილოლოგმა თამარ მესხმა; იხ. ანტონ კარტაშევის “კონსტანტინოპოლის პატრიარქების სააპელაციო უფლების პრაქტიკა” – რუსულიდან თარგმნა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრმა არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძემ). დავსძენ, რომ ორივე მასალა გამოვაგზავნე როგორც საპატრიარქოს ელექტრონულ მისამართზე, ასევე, იმ მღვდელმთავრების პირად ელექტრონულ მისამართზე რომელიც ამ დროისათვის იყო ხელმისაწვდომი. უფრო ადრე აღნიშნული მასალები გამოქვეყნებული იქნა ჩვენი ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.
პირველი ნაშრომი წარმოადგენს, დოკუმენტთა კრებულს, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ კიევის მიტროპოლიის დედა-ეკლესია არის კონსტანტინოპოლის საყდარი. დოკუმენტთა ანალიზი ცხადჰყოფს კონსტანტინოპოლის სამართლებრივ-კანონიკური მხარის ობიექტურობას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა იგი უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესში. მეორე ნაშრომი, რომელიც ეკუთვნის ცნობილ რუს მეცნიერს და ყოფილ ობერ-პროკურორს ანტონ კარტაშევს, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კონსტანტინოპოლის საყდარს წარმოგვიდგენს, როგორც უმაღლესი სააპელაციო პრეროგატივის მქონეს, ხოლო მსოფლიო პატრიარქს – უმაღლესი სააპელაციო ინსტანციის უფლების გამოყენების მქონეს. ამდენად, მივიჩნევ, რომ მსოფლიო საპატრიარქო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებში მოქმედებდა კანონიკური სამართლიანობითა და უფლებით.
მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში წარმოქმნილ, მიმდინარე წლის 15 დეკემბრის უკრაინის მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიასთან მიმართებაში, საქართველოს მართლმადიდებელი
სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ჩართულობა, სამართლებრივ კანონთა კრებულის და დოკუმენტური მასალის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ ევქარისტული თანალოცვის, თანაზიარების თანხმობის ან უარყოფის პოზიციით და არამც და არამც ავტოკეფალიის ცნობის ან არ ცნობის ვალდებულებით. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წარმოდგენილი წმიდა სინოდით, რომელსაც თავმჯდომარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ვერ მიანიჭებს და ვერც გამოაცხადებს ვერცერთ ეპარქიას ავტოკეფალურად, მითუმეტეს მის იურისდიქციაში არ არსებულს. ისევე, როგორც სხვა, ადგილობრივი ეკლესია. თუ რომელიმე დიოცეზს, უშუალოდ პანორთოდოქსულ კრებაზე (ადგილობრივი ეკლესიების ერთობლივი კრება) არ ენიჭება ავტოკეფალია, ადგილობრივი ეკლესიების მიერ ფართო მნიშვნელობით რატიფიკაციას ადგილი არ აქვს. ამრიგად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბუნებრივად არის თავისუფალი “ტვირთისგან”, რომელიც ავტოკეფალიის ცნობას ან არ ცნობას უკავშირდება. მისი მოვალეობაა ევქარისტიული თანალოცვითი ურთიერთობის დამყარება ან უარის განცხადება. ორივე შემთხვევაში აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნაა, -სამართლებრივი არგუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული უნდა განხორციელდეს კანონიკური სამართლის ნორმებზე დაყრდნობით და ისტორიულ- დოკუმენტური მასალების გათვალისწინებით. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის გათვალისწინებით, ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში.
ვის, თუ არა საქართველოს ეკლესიას, კარგად მოეხსენება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიას 1990 წელს, მსოფლიო საპატრიარქოდან ებოძა არა ავტოკეფალიის მინიჭების, არამედ, ავტოკეფალიის ცნობის აქტი, მსოფლიო საპატრიარქოს დადასტურებამდე, ავტოკეფალობა არ იყო სისავსით აღიარებული უახლოეს ისტორიაში. (უძველეს დროში, ანტიოქიისგან მცხეთის საყდრის თვითმმართველობა დადასტურდა ან აღიარებულ იქნა კონსტანტინოპოლში. ფაქტია, ჩვენს საეკლესიო არქივს არ შემორჩა V ს-ში ავტოკეფალიის მიღების სამართლებრივი დოკუმენტი და არც კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის არქივიდან არის ასეთი დოკუმენტი ცნობილი. (გამონაკლისია საისტორიო მწერლობიდან მოღწეული ფრაგმენტები).
რაც შეეხება ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ ეკლესიათა შორის მისაღწევ ფორმას – კონსესუს: მოგეხსენებათ, ცნობილი კრეტის წმინდა და დიდი კრების წინამოსამზადებელ პერიოდში, შედგენილი იქნა პროექტი, რომლის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც დედა ეკლესია მიიღებდა გადაწყვეტილებას ქვემდებარე საეკლესიო ერთეულისათვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად, ამ უკანასკნელისათვის დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებსაც განეჩინათ ავტოკეფალია. ინიციატივა ეკუთვნოდა მოსკოვის საპატრიარქოს. როგორც ვიცით, კრეტის კრებაზე უნდა მომხდარიყო პროექტის რატიფიკაცია. აღნიშნული პროექტი შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მოხსნილი იქნა დღის წესრიგიდან და განუხორციელებელი დარჩა. ამიტომ, ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებული დღეს არსებული სამართლებრივი ბაზისი, რომელიც ქალკედონის კრების კანონთა სახელითაა ცნობილი, მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინასთან მიმართებაში აძლევს სამართლებრივი თვით გადაწყვეტილების მიღების უფლებას. დამატების სახით უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არსებული ყველა არაპრესვიგენული საპატრიარქო, საარქიეპისკოპოსო და სამიტროპოლიტო ადგილობრივი ეკლესიები არსებობს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის მინიჭების ან მეთაურის წოდების მაღიარებელი, დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტით – ტომოსი. არ იგულისხმება კვიპროსი, რომელსაც მსოფლიო კრებამ უბოძა ავტოკეფალია და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ავტოკეფალიასაც არ აღიარებს კონსტანტინოპოლი.
დასასრულ დავსძენ, რომ კიევის ეკლესიის ავტოკეფალურობა არ უნდა გახდეს მსოფლიო ეკლესიაში განხეთქილებისა და ტრაგედიის მიზეზი კეთილსინდისიერი და სამართლიანობისაკენ მოწოდებული ღვთისმსახურისათვის, ეკლესიის ადმინისტრაციისთვის, მორწმუნე ერისთვის. ქვეყანამ გადაწყვიტა რომ თავის ბატონ-პატრონი იყოს, სხვისას არ იტაცებს და სურს, რომ თავისი ქვეყნის მაკურთხეველი პირველიერარქი, თვითმყოფადი ეკლესიიდან ჰყავდეს. რომელი “მჭერმეტყველება” აღემატება ამ საღმრთო უფლებასა და პატივს.

კიდევ ერთხელ გთხოვთ კურთხევას და გისურვებთ სულიწმიდის მადლსა და წინამძღოლობას

მდაბალი ზენონი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი
2018 წლის 26 დეკემბერი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 26, 2018 16:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics