აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიიღეს და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად იყენებენ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მმართველი პარტიის წევრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ კანონის მიზანია კრიტიკული ხმის გაჩუმება და საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ემსახურება მთავრობის კრიტიკულ შემოწმებას. ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ფასეულობებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
განცხადებები არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით 32 წლის განმავლობაში, რათა გაეძლიერებინათ ეკონომიკა, დემოკრატია და რუსეთის აგრესიისგან დაცვის უნარი. ეს ფუნდამენტურად ხაზს უსვამს იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მთავრობასთან და ქართველ ხალხთან”, – აცხადებს მილერი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ამბობს, რომ ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია.
„ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხის და მათი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებენ აქციას. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუშვას არაძალადობრივი აქციის გაგრძელება, რომ აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, – წერია განცხადებაში.