მეგობარ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები არიან – აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე

მეგობარ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს მეგობრობა ისტორიას ეფუძნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ურთიერთობები დადებითად გრძელდება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საპარლამენტთაშორისო კავშირები.

ამასთან, საჰიბა გაფაროვამ შალვა პაპუაშვილს საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს, მე როგორც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საქართველოში პირველი ვიზიტით ვიმყოფები. მეგობარ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობას ვუხდი შალვა პაპუაშვილს მოწვევისათვის და ჩემი დელეგაციის ასეთი მიღებისათვის. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი შემთხვევითი არ არის. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს მეგობრობა ისტორიას ეფუძნება. ქართველი და აზერბაიჯანელი ერი ისტორიის, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით იდგა და მეგობრულ, ძმურ პირობებში თანაცხოვრობდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ამ მყარ ურთიერთობებზე არის დაფუძნებული. ეს ურთიერთობები დადებითად გრძელდება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საპარლამენტთაშორისო კავშირები. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე, პარლამენტებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა“, – განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.

როგორც აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას რეგიონში არსებული რიგი საკითხები განიხილეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან რეგიონში არსებული რიგი საკითხები და დღეს არსებული მდგომარეობა განვიხილეთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების მიმართულებით საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე, ვისაუბრეთ ყოველდღიური ურთიერთობისა და ხშირი ვიზიტების აუცილებლობაზე.

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ქვეყნებს შორის მეგობრობაში ხიდის როლს ასრულებს. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხებიც. ვისაუბრეთ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე.

შემდეგი სამმხრივი ფორუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქალაქ შუშაში გაიმართება. შალვა პაპუაშვილს მოვახსენე სომხეთის მხრიდან 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულების და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ჩადენილი ვანდალიზმის შესახებ. ასევე, ვესაუბრე მიმდინარე აღდგენით პროცესებზე, რომელსაც მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვახორციელებთ, ვაშენებთ ახალ ქალაქებს, სოფლებსა და რაიონებს და ინფრასტრუქტურას. 30 წლის განმავლობაში სომხური მხრიდან განადგურდა ქალაქები, სახლები, სოფლები, ვანდალურად იქნა განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის თავიდან აღდგენა ან ახლად აშენება. ამ ომმა რეგიონში დიდი საკითხები გადაწყვიტა და განამტკიცა მშვიდობა რეგიონში. დღეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობაზე უნდა ვისაუბროთ. ომის შემდგომ სომხურმა მხარემ მიიღო ხუთპუნქტიან შეთანხმებაზე თანხმობა. ბოლოს, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზეც მათ დადებითად შეხედეს ამ საკითხს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სომხეთი დროის დაუკარგავად მოახდენს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და აღნიშნული ხელშეკრულებების შესრულება რეგიონში მშვიდობის განმტკიცების და გაძლიერების საფუძველი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი და განხილული საკითხები, საუბრები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას“, – აღნიშნა საჰიბა გაფაროვამ.

banner
წინა სტატიაშისპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ანტი-დოპინგური სააგენტოს დირექტორს მოუსმინეს
შემდეგი სტატიასაბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა