მედლინ მუნი – საქართველოში ძალიან ემოციური ვიზიტი იყო, როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ, დაელოდეთ პლენარულ სხდომაზე ჩემს სიტყვას

დაელოდეთ ორშაბათს, პლენარულ სხდომაზე ჩემს სიტყვას, – ასე უპასუხა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას ლონდონში.

საქართველოს პირველმა არხმა მას საქართველოში ვიზიტი და ხურვალეთში გაკეთებული განცხადება შეახსენა. მუნმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ემოციები, რომელიც მან ადგილზე მიიღო, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ეს მხოლოდ ასამბლეის დოკუმენტებში არ დარჩებოდა. შეკითხვაზე, ახლა როდესაც დაიწყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია და განხილვები, როგორი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, მედლინ მუნმა გვიპასუხა, რომ უნდა დაველოდოთ ორშაბათის 65-ე სესიის სხდომაზე მის გამოსვლას და სიტყვას.

„ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი წინასწარ გითხრათ იმაზე, რა მოხდება კვირის დასაწყისში, მაგრამ მე ვისაუბრებ საქართველოში ჩემს ვიზიტზე. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქვეყანამ, ეს იყო ძალიან ნამდვილი და ძალიან ძლიერი ემოცია. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე ნანახს, ყოველთვის ასე ხდება, როდესაც რეალობას და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას ხედავ. განსაკუთრებით მოხუცი კაცის, რომელიც სასაზღვრო ღობეებს მიღმა, ხაფანგში იყო მოქცეული და თავად და მეზობლების დახმარებით უვლიდა ცოლს. და ეს ყველაფერი ყოველ მიზეზ გარეშე, აქ საერთოდ სად არის ადამიანობა?ძალიან ემოციური ვიზიტი იყო. როდესაც ვთქვი, რომ არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მედლინ მუნი ორშაბათს, 14 ოქტომბერს სხდომაზე სიტყვით გამოვა. მასთან ერთად ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სესიაში მონაწილეობას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიიღებს.

შეგახსენებთ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო, ასევე დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი საქმეა, დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – 14 ოქტომბერს ფრანგულ რადიოში საქართველოზე მომზადებული გადაცემის პირველი სტუმარი ვიქნები
შემდეგი სტატია„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება