“მე ვრიცხავ “სოლიდარობის ფონდში” 1000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე შეურთდეთ ამ კამპანიას”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ “სოლიდარობის ფონდში” 1000 ლარი გადარიცხა.​

“ვუყურებ გადაცემა “ავტოგრაფის” ტელემარათონს და ძალიან სასიხარულოა, რომ “სოლიდარობის ფონდთან” კოორდინირებით კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება მძიმე სენით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად. ეს ის ფონდია, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და რომელმაც არაერთ პატარას გაუწია დახმარება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებიდან; დღეს ჩვენი და ჩვენი შვილების სახელით უნდა გავერთიანდეთ,რომ ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო მეტმა წევრმა შეიტანოს წვლილი ამ ფასდაუდებელ საქმეში. მე დღეს ჩემი ხელფასიდან ფონდში ვრიცხავ 1000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე შეურთდეთ ამ კამპანიას, თუნდაც ერთი სატელეფონო ზარით, ნომერზე – 0901121212″, – წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად ტელემარათონი მიმდინარეობს, რომელსაც “საქართველოს სოლიდარობის ფონდი”, “ევროპის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით მართავს. 1000 ლარი გადარიცხა ასევე მეცო სოპრანო ნინო სურგულაძემ.

ცოტა ხნის წინ გადაცემა “ავტოგრაფის” ეთერში, ტელემარათონის წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი წაიკითხა.

“ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, განსაკუთრებით კი მინდა, დავლოცო ისინი, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მათ შორის სიმსივნით დაავადებულნი. იმედი და შეწევნა ღვთისა არ მოკლდებოდეთ მათ და მათ ოჯახებს.

ასევე მინდა დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოზარდებს სიკეთეს უკეთებს და ეხმარება სულიერად და მატერიალურად”, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

ტელემარათონის მიმდინარეობისას შესაძლებელია დარეკვა ნომერზე – 0901121212, ზარის ღირებულება 1 ლარია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიdeepfake…საზოგადოება გაგცემთ პასუხს – ნინო წილოსანი
შემდეგი სტატიაგილოცავთ 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს!