მე ვაფრთხილებდი ეროვნულ ბანკს და მას უნდა ეზრუნა „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე

მე ვაფრთხილებდი ეროვნულ ბანკს და მას უნდა ეზრუნა „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. 11 მარტს საქართველოში ჩამოვლენ წერილის ავტორები და არსებულ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ამისთვის მე მზად ვარ და ალბათ ეროვნულ ბანკსაც მოუწევს პასუხების გაცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „საქართველოს ბანკსა“ და „რუსთავის აზოტთან“ დაკავშირებული საქმის კომენტირებისას განუცხადა.

ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ნამდვილად მიიღო წერილი დიდი ბრიტანეთიდან, სადაც საუბარია „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“. ჭიჭინაძის თქმით, წერილი ასევე მიიღეს ირაკლი კოვზანაძემ და პაატა კვიჟინაძემაც.

„ამ საკითხს აუცილებლად პირველივე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დავაყენებ და ასევე ვიზრუნებ, რომ წერილის ავტორები, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, წერილში დადასტურებულია, რომ საქართველოს ბანკის აქციონერები ისეთ აქტივს ფლობენ, რომლის შესახებაც BGO ჯგუფი არაა ინფორმირებული და რუსთავის აზოტის წინააღმდეგ დავა ბანკს პრობლემებს შეუქმნის.

წერილი, რომელზეც ჭიჭინაძე საუბრობს MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის მიერაა შედგენილი. მისი ადრესატები კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, მისი პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე და კომიტეტის წევრი დავით ჭიჭინაძე არიან.

პაატა კვიჟინაძემ ჟურნალისტებს საუბრისას წერილის მიღება კატეგორიულად უარყო. „ევროკავშირში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც ფლობს Bank of Georgia plc გარკვეულ ფასიან ქაღალდებს LSE-ზე, დამავალა ჩამეტარებინა Bank of Georgia plc შესახებ შესაბამისი KYC (იცნობდე შენს მომხმარებელს) პროცედურები. ამის შედეგად, მე აღმოვაჩინე ფინანსური შეუსაბამობის და ბანკის მიერ გადაცდომების მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულებები და ანგარიშები, რომელიც მოიცავს ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების არშესრულებას, რაც არის მოთხოვნილი საერთაშორისო ფინანასური ანგარიშების სტანდარების (IFRS) და ფინანასური მართვის ორგანოს (FCA) წესების და რეგულაციების მიერ შესაბამისად ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში და ამის შედეგად გარკვეული თაღლითური საქმიანობა.

უდავოა, რომ ბანკის გადაცდომის აღმოჩენილი ანგარიშები (რომლებიც დაკავშირებულია ისეთ აქტივობასთან, როგორიც არის „არაგაშლილი ხელის მანძილზე“ ტრანზაქცია რუსთავის აზოტის ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით და ასევე, ბანკის ყოფილი/მოქმედი თანამშრომლების ჩართულობაზე თავიანთ იურიდიულ პირებზე სესხების გაცემასთან დაკავშირებით), შესაძლოა, გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია“, – აღნიშნულია MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის წერილში.

წერილის მიხედვით, გამოვლენილი დარღვევები არა მხოლოდ გამოიწვევს „საქართველოს ბანკის“ რეპუტაციის გაფუჭებას, არამედ, მას შემდეგ, რაც ეს გახდება საჯაროდ ცნობილი, ასევე, გამოიწვევს არასტაბილურობას უშუალოდ საქართველოში.

„მოგმართავთ თხოვნით, ჩაიხედოთ რუსთავის აზოტის ტრანზაქციაში 2016 წლის აგვისტო/სექტემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკის“ და ჯგუფის მიერ შესაბამის სესხის გაცემის აქტივობებში SPV (სპეციალური მიზნის ინსტრუმენტი) კომპანიებზე, მათ შორის, მათი ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ურთიერთქმედებებზე რუსთავის აზოტის ქარხანაში დაწყებული 2016 წლის აგვისტოდან დღემდე“, – მიმართავს წერილის ავტორი მაიკლ ო’კიფი ადრესატებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტები საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. როგორც საქართველოს ბანკში განმარტავენ, 2018 წლის 27 აპრილს, რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება „საქართველოს ბანკის“ მიმართ. მის მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხე – საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited-ია.

„ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი. BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უსაფუძვლო განცხადებებით კომერციული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1-ელ სექტემბრამდე ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია Loyal Capital Group S.A. იყო რუსთავის აზოტის ქარხნის საბოლოო მესაკუთრე კომპანია, რომელიც ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნის. როგორც ცნობილია რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა, როგორც საქართველოს, ასევე ლუქსემბურგის და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში, სადაც დავა გადავიდა საქმის არსებით განხილვაზე. რუსული კომპანია Sistema და ს.ს. საქართველოს ბანკის დამფუძნებლის BGEO Group წინააღმდეგ დავის საგანია ს.ს. საქართველოს ბანკის ინიციატივით უკანონოდ გასხვისებული რუსთავის აზოტის ქარხნის აქტივები.

Www.Ipn.ge

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ბატონი ბიძინა უშვეს შეცდომას (ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა ბულგარეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა