„მე როგორც ვიცი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოუტყუებია“ – მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს მამა

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ 51-ე სკოლის მოსწავლის ოჯახში მოზარდზე კალანდიების მხრიდან ზეწოლას უარყოფენ.
„სანამ არ იქნება სასამართლო პროცესი, არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. უნდა გაირკვეს სასამართლოზე რა მოიტყუა რა არ მოიტყუა. მე როგორც ვიცი არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მოუტყუებია. რა ზეწოლა, რის ზეწოლა, რა ზეწოლაზეა ლაპარაკი,“-აცხადებს დაკავებული დ.ღ.-ს მამა.
დ.ღ შსს-მ გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.
შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დ.ღ-ს ბრალს დღეს წაუყენებენ
შემდეგი სტატიარუისთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა