“მე არ მინდა, რომ ვინმე ციხეში იყოს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 3 ოქტომბერს დაკავებული „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი ბიჭების ციხეში ყოფნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელსაყრელია.

როგორც ლორთქიფანიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მას არ უნდა, რომ ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ციხეში იმყოფებოდნენ, თუმცა, დეპუტატის განმარტებით, ეს საბოლოო ჯამში სასამართლოს გადასაწყვეტია.

“ამ თემის დაყვანა 200 ლარზე ან 70 ლარზე, არასწორია. აქ არ არის საუბარი ვის რამდენლარიანი პიჯაკი გაეხა თუ სათვალე გაუტყდა, აქ საუბარია თვითონ ფაქტზე, როდესაც პარლამენტის წევრებს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. პირველი მე არ ვყოფილვარ, მანამდე იაშა შერვაშიძეს, ლუკა კურტანიძეს, ვალერი გელაშვილს აყენებდნენ ეს ადამიანები სიტყვიერ შეურაცხყოფას, უბრალოდ, ჩემთან გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მე, ისევე როგორც ნებისმერ ქართველს, არ გვინდა, რომ ვინმე ციხეში იყოს“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნული საკითხს ხელოვნურად ძაბავს „ნაციონალური მოძრაობა“, რათა მათ პოლიტიკური ქულები მიითვალონ.

„სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” ეს ადამიანები სჭირდება ციხეში, ისინი არ სჭირდებათ გარეთ. ეს პარტია თვითონ ძაბავს სიტუაციას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ბიჭები სჭირდება ციხეში საერთაშორისო მოხმარებისთვის, მერე რეპორტებში რომ დაწერონ, სტრასბურგში თუ ბრიუსელში ჩავიდნენ და თქვან – აი, იმის გამო, რომ დეპუტატს ცხვირში რაღაცა მოარტყეს და სისხლი მოსდიოდა, დამნაშავე 100 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ლორთქიფანიძეს პიჯაკი გაუხიეს და ციხეში არიან ეს ბიჭებიო“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დეპუტატმა ასევე დაკავებული ბიჭების მშობლებს მოუწოდა, რომ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჭკუაზე არ იარონ.

„მათ მშობლებს მოვუწოდებ, რომ ოჯახმა აიღოს ინიციატივა და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დამსხმელი ადამიანების ჭკუაზე არ იარონ. უშეცდომო არავინ არის, ახალგაზრდა ბიჭები არიან და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც მათ ახალგაზრდობას და ქუთაისელობას ეკადრება“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ „პირველ პრესკლუბში“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 ოქტომბერს 3 პირი დააკავეს. ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“გვაქვს მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი, გადახდილი თანხის ექვივალენტური არ იყო”
შემდეგი სტატიაეპარქიებში ცვლილებები არ განხორციელდება