მცხეთაში კიდევ ერთი უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები გაუქმდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის N11.27.26 მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო.

ცესკო ამბობს, რომ შესაბამისი განკარგულება მცხეთის საოლქო კომისიამ 3 ნოემბერს მიიღო, გადაწყვეტილების მიღებამდე კი კომისიამ დეტალურად შეისწავლა საკითხი, მიიღო ახსნა-განმარტება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისგან.

“მათ განმარტეს ოქმში დაშვებული შეცდომების მიზეზები, თუმცა, ამის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გაბათილებულიყო. შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიამ ამავე კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები”. – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

მცხეთის ოლქში ასევე გაუქმდა ქსნის პენიტენციური დაწესებულების კენჭისყრის შედეგებიც. ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 3 ნოემბერს პირველი არხის ეთერში თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა მეორე ტური ჩატარდეს.

“ქსნის ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება”. – თქვა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაში“შოკიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია”
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული – შსს