საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია- 2BaGoldMule ჩატარდა. ოპერაციაში 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება იყო ჩართული და კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ისინი მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

“დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში”, – წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში კიდევ ერთი უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები გაუქმდა
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო