მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
შობა ქრისტიანთათვის განსაკუთრებული დღესასწაულია — ღრმა დატვირთვისა და მნიშვნელობის… შობა ის დროა, როცა საკუთარ თავს, გრძნობებსა და არჩევანს სხვა თვალით აფასებ. ესაა არჩევანი კეთილსა და ბოროტს, სიყვარულსა და სიძულვილს, ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის.. ჩვენი ცხოვრების ყველა სხვა არჩევანიც სწორედ მასზეა დამოკიდებული…
დღეს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს საქართველოში უფლის სახელზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი აერთიანებს. რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული ეს ტრადიცია ჩვენი პატრიარქის სურვილი და მოწოდება იყო. ერთი ლოცვით ანთებული ქართველები, სულისა და სამყაროს გადარჩენას ღმერთს ავედრებენ და ეს ლოცვა და ნატვრა მათ განუზომელ ძლიერებას სძენთ.
გილოცავთ შობის დღესასწაულს, გისურვებთ სიკეთეს და იმ ფასეულობებისადმი ერთგულებას, რაც ყოველთვის სწორ არჩევანს გაგაკეთებინებთ, ღირსებასა და ბედნიერებას განგაცდევინებთ.