26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უმნიშვნელოვანესი დღესასწაული 1918 წლიდან იღებს სათავეს.

რუსეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას იმპერიის დაშლა მოჰყვა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქარტველო” ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა.

1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:

“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

 

 

1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიამოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ერის ნება, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს – შიმონიტე