ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება. მხოლოდ ერთ დღეში ლარი დოლართან 4, ევროსთან მიმართებაში კი 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკი ამ პროცესის შეკავებას რეზერვების გაყიდვით ცდილობს, თუმცა რეზერვებიც კრიტიულად დაბალ ზღვარეზეა.
ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება. ლარის გაუფასურებას ჯაჭვური ეფექტი ექნება – აისახება ფასებზეც და ინვესტიციებზეც, შეიქმნება სამუშაო ადგილების დეფიციტი და ქვეყანა გაჭირვების ზღვარზე აღმოჩნდება.
“კურსი არის დასაკორექტირებელი. ხელოვნურად მისი გამყარება არასწორი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ გამოიწვევს უაზრო რეზერვების დიდი რაოდენობის გაფლანგვას. იმ შემთხვევაში თუ კანონი იქნა მიღებული და მისი აღსრულება დაიწყო, ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ არასტაბილურობა გაიზრდება ეკონომიკაშიც და ეს არასტაბილურობის გაზრდა იქნება პერმანენტული პროცესი და არა ერთჯერადი. დასავლეთის მხრიდან დასანქცირებული ეკონომიკა ვერ გახდება დასავლელი ინვესტორებისთვის საინტერესო და ობიექტი ინვესტირების და რა თქმა უნდა, ეს შეეხება ახალ ინვესტიციებსაც და ეს შეეხება არსებულ ინვესტიციებსაც, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ხიშტოვანი.
კიდევ ერთი ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ფინანსური სანქციების დაწესების შემთხვევაში, რაც რუსული კანონით იქნება განპირობებული, ქვეყნიდან ფინანსური კაპიტალის გადინებას გამოიწვევს, ეს კი თავისთავად ლარის კურსზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
“როდესაც აშშ მიიღებს იმ ცნობილ კანონს და დაიწყება უკვე ფინანსური სანქციების გამოცხადების პროცესი, აქ უკვე კაპიტალის გადინების პროცესი დაიწყება ქვეყნიდან აქტიურად და უკვე უნდა ველოდოთ მსხვილ მასშტაბებს ლარის გაუფასურების. დაიწყება ფინანსური ოპერაციების დეტალური შესწავლის პროცესი, რომ არ მოხდეს, არ გაიპაროს დასანქცირებული პირების სხვადასხვა ოპერაციები, რაც გამოიწვევს ფულის მოძრაობის დაყოვნებას და ეს ეკონომიკურ აქტივობაზე საკმაოდ დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს. შეუძლებელი გახდება კურსის დაჭერა და კურსი უნდა წავიდეს თავისი გზით, – ამბობს აკაკი ცომაია.