პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების დარბაზი გაიხსნა. დარბაზში განთავსდა ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტოები და პირადი ნივთები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტის ფარგლებში ესპანეთიდან ჩამოიტანეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ჩხოტუების ოჯახის წარმომადგენლებმა.

აფხაზი თავადების საარქივო მასალების საქართველოში ჩამოტანა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ორგანიზებით პროექტის „აფხაზური არქივები“ ფარგლებში განხორციელდა.
ჩხოტუების ოჯახის გადაწყვეტილებით ჩარლზ ჩხოტუას ფერფლი, მისი ანდერძის თანახმად თბილისში ჩამოიტანეს და დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ჩარლზ ჰოვარდ ჩხოტუას ბებია, მამიდა და მამის ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას გული განისვენებენ. ადგილზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ჩარლზ ჩხოტუას ოჯახის წევრები – მეუღლე, შვილები, დისშვილი და შვილიშვილი ჩამოვიდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მიხეილ დაუშვილის განცხადება გამაოგნებელი იყო
შემდეგი სტატიაბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი – ქართველო ხალხო, ჩვენ გხედავთ – დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის თქვენს ბრძოლას ვხედავთ