მარსელიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ცენტრში გადაიყვანეს

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ მარსელიდან 12 მარტს ჩამოვიდნენ, სპეციალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საკარანტინო ცენტრში გადაიყვანეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, ისინი ავტობუსებით გადაიყვანეს. საკარანტინო ცენტრში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა შესაბამისი პირობით, რათა მათ კომფორტულად იგრძნონ თავი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას დაემატა კიდევ 4 ქვეყანა. შესაბამისად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან: წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი სესხის გადავადების პირობებს აზუსტებს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება