მარნეულში მკვლელობის ახალი დეტალები – დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

უწყების ინფრომაციით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. – სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს”,- ნათქვამია განცხადებაში

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში დაკარგული ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაკალაძე – სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია