მარიამ ჯაში რომან გოცირიძეს – რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაცმოძრაობა“

რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე უპასუხა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისს და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს მკვდარი მინისტრების საზოგადოება“.

„თავს ვიკავებ პოლემიკაში შესვლისგან ჩვენი ოპონენტების მიმართ არა იმიტომ, რომ პასუხები არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ არ ვაპირებ დარჩენილი 3 წელი მოვახმარო აბსოლუტურად აბსურდულ განცხადებებზე პასუხს, რადგან პასუხი საზოგადოებამ გასცა მათ არჩევნების შედეგებით. უბრალოდ, არის საკითხები, რომელზეც არ შეიძლება არ დავაფიქსირო სიმართლე და რეალური სტატისტიკა. ძალიან ხშირად ხდება დამახინჯება როგორც დინამიკის, ასევე სტატისტიკის. როდესაც საუბარია, რომ 1 ლარითაც არ გაზრდილა ხელფასი, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გაზარდა 80%-ით საპენსიო ასაკის პროგრამის ფარგლებში პენსია. 2019-2020 წლებში იგეგმება დამატებით საპენსიო ანაზღაურება. ჩვენი ინტერესია, რომ პენსია იყოს გაზრდილი და ყველა საპენსიო ასაკის ადამიანს მაქსიმალური კეთილდღეობა შევუქმნათ.

მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე როდესაც არის საუბარი ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა საყოველთაო ჯანდაცვა. ასევე, არასწორია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს. საუბარია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი იყო 2013 წელს სიღარიბეში, მაგრამ ეს მონაცემი გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ შემცირებულია და როდესაც შიმშილობაზეა საუბარი, ეს არის მიკროელემენტებით გამოწვეულ შიმშილობაზე და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. სწორედ ამიტომ ქვეყანამ შეიმუშავა რკინისა და ფოლიუმის მჟავის პროგრამა. თქვენ რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ამერიკულ ფილმს „მკვდარი პოეტების საზოგადოებას“ შეადარა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს მკვდარი მინისტრების საზოგადოება“.

„ეს არის კრიზისების მართვის საზოგადოება, სადაც ყველა წარუმატებელი და მოხსნილი მინისტრი იყრის თავს და ღებულობს უამრავ ხელფასს, პრემია-დანამატებს 20-ჯერ და 30-ჯერ. განსაკუთრებით ეს გახდა ძალოვანი გაკოტრებული მინისტრების თავშესაფარი. ყველანაირად ცდილობთ, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივი მოსახლეობის, ხალხის ხარჯზე დაასაქმოთ და მრავალი მილიონი გამოუყოთ. ამ მკვდარი მინისტრების საზოგადოებასაც მრავალმილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა
შემდეგი სტატიაბექა ხახუბიას საქმეზე გორის სასამართლოში ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ