მარიამ ჯაში : მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ წელს მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად

მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ უქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მე-12 კლასელებს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ განათლების მინისტრთან დამატებით ისაუბრებს.

„პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, პოზიტიური სიახლეა, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ამოღებული იქნება.

„გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები. შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, მიემართათ კერძო მასწავლებლებისთვის რაც ზოგიერთი ოჯახისთვის არ იყო ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად შევაფასებდი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.

banner
წინა სტატიაში“არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები” – კალაძე ბესელიას პირადი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატია“ნასვამი თორდიას მხრიდან იყო პროვოკაცია“ – ფარცხალაძე სასამართლოში