მანქანა, რომელსაც გიორგი ჭანტურია გენერლის მკვლელობის დღეს მართავდა, ხელახლა გაჩხრიკეს

გიორგი ჭანტურიას საქმე – სამართალდამცავებმა დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის, ზურაბ ჭანტურიას მანქანა ხელახლა დაათვალიერეს. ოჯახის წევრების თქმით, გიორგი ჭანტურია მამასთან ერთად მართავდა ამ მანქანას ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის დღეს.

სამართალდამცავებმა აღნიშნული მანქანა 16 იანვარს გაჩხრიკეს, მანქანაში არსებული ნივთები ამოიღეს და დალუქეს.

ზურაბ ჭანტურიას მანქანა ამ დროისთვის ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს ეზოში დგას და მისი ხელახლა დათვალიერება ექსპერტებმა იმ დროს დაიწყეს, როდესაც ადვოკატი შენობაში იმყოფებოდა.

გიორგი ჭანტურიას დის თქმით, ექსპერტებმა მანქანის დათვალიერების დროს იმ ნივთებთან ერთად, რაც 16 იანვარს ამოიღეს, კიდევ სხვა ნივთებიც მოიტანეს, თუმცა, ოჯახის წევრებს და შემდეგომ არც ადვოკატს არ განუმარტეს, ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული ნივთები.

სამართალდამცავებმა ადვოკატს მანქანის ხელახლა დათვალიერების აუცილებლობაც ვერ განუმარტეს.

გამომძიებელი აცხადებს, რომ ადვოკატის გარეშე მანქანის ხელახალი დათვალიერება კანონდარღვევა არ არის.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალის წარდგენა მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ ხერხდება და ბრალის წარსადგენად, სამართალდამცავები ყველანაირ ღონეს მიმართავენ.

გიორგი ჭანტურიას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საგამოძიებო უწყებას დრო 6 საათამდე აქვს. მას ამ დრომდე ბრალი წარდგენილი არ აქვს. პროკურატურაში ადვოკატებს ეუბნებიან, რომ ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში“უზრდელი და არაკაცი რომ იძახოს, ხალხს იმისთვის კი არ აურჩევიათ თავმჯდომარედ” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში
შემდეგი სტატიაარავითარი საჭიროება და ლოგიკა არ არის ამ ვეტოს დაძლევაში – ნიკა გვარამია მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე