არავითარი საჭიროება და ლოგიკა არ არის ამ ვეტოს დაძლევაში – ნიკა გვარამია მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე

52 მედია ორგანიზაცია საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამათავრობო სექტორის, თავად, კერძო კომპანიების და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებას სთხოვს. სადავო კანონს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შემოსავლების ზრდას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც აქვს უზარმაზარი სახელმწიფო დაფინანსება, არ უნდა გადმოდიოდეს კერძო მაუწყებლების ტერიტორიაზე ორი მიზეზის გამო. ერთი, ეს სერიოზულ დარტყმას აყენებს კერძო მაუწყებლებს და მეორე, არავითარი საჭიროება და არც ლოგიკა არ არის იმაში, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდეს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ არსებული შემოსავლის ფონზე საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს.

„უნდა ახსოვდეს უმრავლესობას, რომ იმაზეც პასუხისმგებელი თვითონ არის, რომ 52 მილიონს იხდის 3 პროცენტიან რეიტინგში და ამაზე მეტს რომ გადაიხდის, ამაზე ორჯერ მეტად იქნება პასუხისმგებელი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არავითარი საჭიროება და ლოგიკა არ არის ამ ვეტოს დაძლევაში,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მედია ორგანიზაციების პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმანქანა, რომელსაც გიორგი ჭანტურია გენერლის მკვლელობის დღეს მართავდა, ხელახლა გაჩხრიკეს
შემდეგი სტატია,,თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს”