მამუკა ხაზარაძემ „ლელო-საქართველოსთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი წარადგინა.

წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია არის კატასტროფულად მძიმე და გაუსაძლისი.

„ეს რვა წელი „ოცნებამ“ დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას. ეს ხალხი პრაქტიკულად გაწირა მთლიანად. მე მაქვს მთავარი კითხვა „ოცნებასთან“ – რატომ გჭირდებათ კიდევ ხელისუფლებაში დარჩენა? ალბათ იმიტომ გჭირდებათ ხელისუფლებაში დარჩენა, რომ პასუხი არ მოგეთხოვოთ, რომ გააგრძელოთ კორუფცია, გააგრძელოთ ნეპოტიზმი და ეს ქვეყანა, რომელიც რვა წლის განმავლობაში გააჩერეთ, კიდევ ოთხ წლით შეეცადოთ გაჩერებას. არ გამოგივათ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკაში იმის გამო მოვიდა, რომ ახალ ძალასთან ერთად „ქვეყანა შეცვალოს“.

„ახალ ძალაში, ახალ იმედში ვგულისხმობ თამარ ბელქანიას, ალეკო ახვლედიანს, ანა ნაცვლიშვილს, კახა კოჟორიძეს და უამრავ ისეთ ახალგაზრდა, წარმატებულ ადამიანს, ვინც თავისი პროფესიული მოღვაწეობის განმავლონაში დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანას ემსახურებოდა. მეც ახალი ძალა ვარ. პოლიტიკაში წამოვედი, მივატოვე ყველაფერი, ბიზნესი და აშენებული კომპანიები, იმის გამო, რომ არასდროს არ დავბრუნდე იქ, არ დავბრუნდე ბიზნესში. შემოვედი პოლიტიკაში, რომ ეს ქვეყანა შევცვალო“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია – ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ