მამუკა ხაზარაძე : მე და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა

ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მან და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ორი ხმა ჰქონდათ და ამ ორი ხმით არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლოთ.

„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს. მისი პრეზიდენტიც და მისი თქვენს მიერ ახლად არჩეული მოადგილის, ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან. ისინი მოვიდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. შვიდი წევრი ჰყავს „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს და ცხრა წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან ხუთი წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი „თიბისი ბანკთან“ არ აქვთ; ერთადერთი კავშირი აქვთ დამოუკიდებლობასთან – ესენი არიან უცხოელები. მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაქვს ორი ხმა, შესაბამისად, ორი ხმით არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია. გამოგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე… ეტყობა, ვიღაცამ დაუწუნა, რომ ეს ფული ცოტაა. შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ამ ფულსაც არ გადავიხდიდი, რადგან 11 წლის წინანდელი საქმე არ არის სწორი, როგორც თქვენ მიგყავთმეთქი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარი დაარიცხეს.

„შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი, დაგვარიცხეს 1 მილიონი ლარი, გამოგზავნეს ჯარიმა და წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : პროკურატურას ვთხოვდით, საქმე კონფიდენციალური ყოფილიყო, რადგან ორ სახელმწიფო ბანკთან ხელს ვაწერდით, ამის მიუხედავად უწყება განცხადებას ფულის გათეთრების საქმეზე აკეთებს​
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანს ერთი წელი და ერთი თვე პატიმრობა შეეფარდა