მამუკა ხაზარაძე : 2018 წლის ივნისიდან „თიბისი ბანკში“ ოთხი უწყება შემოდის, რასაც საეჭვოდ ემთხვევა ბანკზე კიბერშეტევა

პროკურატურა „თიბისი ბანკში“ 2018 წლის ივნისის თვიდან მუშაობდა და ჩვენ ეს არ ვიცოდით, – ამის შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„2018 წლის ივნისიდან შემოდის ჩვენთან სხვადასხვა დროს ოთხი უწყება, ეს არის ფულის მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი. პარალელურ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან კონკრეტულად ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღებას. კანონმდებლობით, საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება, შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელიწადზე მეტია.

ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავანადგუროთ დოკუმენტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი საქმიანობა არის გამჭვირვალობაზე დაყრდნობილი და იურიდიულად და კანონით ამის უფლება უფლება.

ასეთი შემოტევა 27 წლის მანძილზე არ გვქონია და როცა ამდენი უწყება ერთობლივად შემოდის, ჩავთვალეთ, რომ დასამალი, რა თქმა უნდა, არ არის და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული 11 წლის წინანდელი დოკუმენტი, რომელიც გვქონდა არქივში“,- განაცხადა ხაზარაძემ

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულს „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა საეჭვოდ დაემთხვა.

„ამას ემთხვევა ძალიან საეჭვოდ ივლისის თვეში „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული კიბერშეტევა. მინდა, გითხრათ, რომ „თიბისი ბანკი“ გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით, სადაც 400 უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც მარტო ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფაზე, უსაფრთხოებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე. ჩვენ არა მხოლოდ დავიცავით ეს კიბერშეტევა და დავიჭირეთ სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერებს, ოთახს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შსს-ს.

მას მერე ხუთი წერილი მივწერე მინისტრს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ერთი კვირის წინ მივიღეთ გამომძიებლის წერილი, რომ თურმე კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე. ჩვენ ვიცით მისამართი, ოთახი და ის ხალხი, ვინც ზის კომპიუტერთან. თბილისში, ცენტრალურ გამზირზე. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები, საიდანაც ე.წ. ბოტები და ფაბრიკები იმართება და ასე ვთქვათ, ასეთი დიდი შეტევა ჩვენს მიმართ, რაღაც ნაწილი ყველაფერი იქიდან მოდის“,- განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : 2007 წელს „თიბისიმ“ რაღაც მომენტში დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა, სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, გვქონოდა სამი ან ექვსი თვე კაპიტალის მოძიებისთვის
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : პროკურატურას ვთხოვდით, საქმე კონფიდენციალური ყოფილიყო, რადგან ორ სახელმწიფო ბანკთან ხელს ვაწერდით, ამის მიუხედავად უწყება განცხადებას ფულის გათეთრების საქმეზე აკეთებს​