მამუკა ხაზარაძე : 2007 წელს „თიბისიმ“ რაღაც მომენტში დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა, სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, გვქონოდა სამი ან ექვსი თვე კაპიტალის მოძიებისთვის

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს უსმენენ.

მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დასაწყისში, „თიბისი ბანკის“ დაფუძნების ისტორიაზე ისაუბრა და ბანკის 2007 წლის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, „თიბისი“ 2007 წელს ყველაზე დიდი ბანკი იყო საქართველოში.

„2007 წელს ბანკის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 80 პროცენტს წარმოვადგენდით მე და ბადრი ჯაფარიძე, 10-10 პროცენტს წარმოადგენდნენ მსოფლიო ბანკი და გერმანიის სახელმწიფო ბანკი. 2007 წელს „თიბისი ბანკი“ გახლდათ ყველაზე დიდი ბანკი საქართველოში და ძალიან სწრაფად მზარდი ბანკი. მოგეხსენებათ, 2007 წელი ჩვენი ბოლო 25-27 წლის ისტორიის მანძილზე, იყო ყველაზე მაღალზრდადი წელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ბანკი განაგრძობდა დაფინანსებას და რაღაც მომენტში დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა.

„ეს ის შემთხვევაა, როცა ეროვნული ბანკის, მარეგულირებლის დაწესებულ პარამეტრებში ვერ ჯდები, ანუ კაპიტალი გჭირდება, რათა გაზარდო და განაგრძო საქმიანობა და დაკრედიტება. ეს არის კარგი პრობლემა, არ არის ცური პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ბანკი იზრდება, იმისთვის, რომ განაგრძო მუშაობა გჭირდება ახალი დამატებითი კაპიტალის მოზიდვა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა სამი ან ექვსი თვე კაპიტალის მოძიებისთვის. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, მეორე დღეს ეროვნული ბანკის ბრძანებით ბანკი გაჩერდა, ანუ მას შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების უფლება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, ნორმალურ ქვეყნებში სამიდან ექვს თვემდე მინიმალური ვადა არსებობს, რომ მიეცეს დამფუძნებლებსა და აქციონერებს ახალი კაპიტალის მოძიების საშუალება.

„პრაქტიკულად, ჩვენ დავინახეთ, რომ ნელ-ნელა გამოვდივართ ბიზნესიდან, ვკარგავთ პოზიციებს. ამის მერე დავიწყეთ ინვესტორის ძიება, რომელიც „თიბისი ბანკში“ განახორციელებდა ინვესტიციას და „თიბისი ბანკი“ დაუბრუნდებოდა თავის საქმიანობას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ის 27 წელი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია და საქმიანობა განმარტა და აღნიშნა, რომ არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს არ გააჩნიათ, მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საკრედიტო, რისკების ან ნებისმიერ სხვა კომიტეტებში, რომლებიც ბანკში სტრუქტურულ ერთეულადაა ჩამოყალიბებული.

„ჩვენ გვქონდა ორი მცდელობა, პირველი – ჩვენ ვნახეთ ინვესტორი სწრაფად, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი „ლეუმი“ ბანკი. საკითხი იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი აქციონერი, ორი საერთაშორისო საფინანსო აქციონერიდან, როგორც კი გაგვაჩერეს, მოვიდა წინადადებით, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გაგვეყიდა ბანკი. ეს იყო კატეგორიული მოთხოვნა, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება 10-მა პროცენტიანმა დამფუძნებელმა ეს გააკეთოს, მაგრამ, როცა 2000 წელს ისინი მოვიწვიეთ ჩვენი კორპორატიული კულტურის გასაძლიერებლად, მათ მივეცით ძირითად საკითხებზე ვეტოს უფლება. ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, უნდა გაყიდოთ ბანკი. ჩვენ ვეუბნებით, რომ იქნებ ვიპოვოთ ინვესტორი, რომელიც პირველ ეტაპზე შემოვა, როგორც მინორიტარი, შემდეგ მზად ვართ, საკონტროლო პაკეტი გადავცეთ, მაგრამ მოგვეცით საშუალება, გავაგრძელოთ ბიზნესის კეთება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი დოკუმენტალურად დასაბუთებულია და კომიტეტზე წარმოადგენს მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომელიც ხელმოწერილი და სამართლებრივად სავალდებულოა.

„ჩვენ მოვაწერეთ ასეთ დოკუმენტს ხელი „ლეუმი“ ბანკთან, სადაც ისინი შემოდიოდნენ 19.9 პროცენტით, საკმაოდ სერიოზული მულტიპლიკატორზე შევთანხმდით. ამ დოკუმენტის მოწერის შემდეგ, ეს ერთ-ერთი აქციონერი, კიდევ ვიღაცეებთან ერთად, მიემგზავრება ჩვენს გარეშე ისრაელში და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ამას მოჰყვა ის, რომ „ლეუმი“ ბანკმა გვიჩივლა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან სერიოზული თანხა ჰქონდათ დახარჯული და გაოცებული დარჩნენ, რატომ იქნა ეს დოკუმენტი დაბლოკილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, სურათი ასეთი იყო: რომ „თიბისი ბანკი“ გაჩერებულია, ეკონომიკა იზრდება, „თიბისი“ პატარავდება და მის ადგილს სხვა იკავებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : 2018 წლის ივნისიდან „თიბისი ბანკში“ ოთხი უწყება შემოდის, რასაც საეჭვოდ ემთხვევა ბანკზე კიბერშეტევა