მამაუკა ხაზარაძე: ქართველ ხალხში პოლარიზაცია არ არსებობს, ეს არის ერთიანობა, ერთსულოვნება, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, ვინც ახლა აქ ვართ, საერთო მიზანი გვაქვს

ქართველ ხალხში პოლარიზაცია არ არსებობს, ეს არის ერთიანობა, ერთსულოვნება, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, ვინც ახლა აქ ვართ, საერთო მიზანი გვაქვს. პოლარიზაცია არსებობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასა და დანარჩენ საქართველოს შორის. აი, ეს არის პრობლემა და ამის გადაჭრის გზა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სანამ ეროვნული თანხმობის მთავრობა არ შეიქმნება, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის კონკრეტული გეგმა ექნება, ეს პროტესტი არ გაჩერდება.

“ეროვნული მთავრობა პარლამენტის მიერ იქმნება, მაგრამ “ქართულ ოცნებას” აბსოლუტურად, ყველა თანამდებობა, ყველაფერი უზურპირებული აქვს. ეს პროტესტი არ გაჩერდება და ჩვენ მანამდე ვიქნებით აქ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო “ასოცირებული ტრიოდან” „აუტსაიდერებში“ ყოფილიყო და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

მისივე თქმით, ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

“იმ გეგმის შესრულებას კომისიები არ სჭირდება. ამას რიგგარეშე საპარლამენტო სხდომების მოწვევა, შარლ მიშელის დოკუმენტთან სასწრაფოდ დაბრუნება, ამის ხმამაღლა თქმა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება სჭირდება. ამას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რასაც ხელისუფლება არ დგამს. განსაკუთრებით ერთი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო იმ “ტრიოდან” აუტსაიდერებში ყოფილიყო და ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინას და მოლდოვას სტატუსი აქვს და ჩვენ არა.

თუ ვინმეს ეკუთვნის სტატუსი – საქართველო ეკუთვნის. ხელისუფლების მხრიდან ქმედება არ ჩანს,” – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მომხრეები მოითხოვენ, აქციის წამყვანმა ხელისუფლებას წაუყენოს მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია 22:00 საათამდე გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: „სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა იყო მკაფიო მესიჯი იმისა, რომ არაფრის შეცლას არ აპირებენ“