მამა რომანოზის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, განვითარებული შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი მდებარეობს ქ. წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე.

ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია.
შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები.

კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წი­ნამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა.

დღეს, 16 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და უსამართლოდ ნატანჯი სასულიერო პირის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან.

მამა რომანოზი ჯერ უმოწყალოდ აწამეს წალენჯიხაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს და დატყვევებული ჰყავდათ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ასევე აწამებდნენ ძლიერ სასტიკი მეთოდებით. ე.წ. მხედრიონი მამა რომანოზს ცილისმწამებლურად ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვას წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში.

ბრალდება საბოლოოდ ვერ დაუმტკიცეს და ნატანჯ-ნაგვემი გაათავისუფლეს ცხრამეტი დღის შემდეგ. მამა რომანოზს ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა, შეეყარა ეპილეფსია და 2005 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში აღესრულა უეცრად….

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც იდო მეორე რაუნდიდან მოყოლებული, ეს ოთხი პუნქტი არის გამოსავალი
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერია ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებას აგრძელებს