მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. როგორც მაჩალიკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, „ერთ წელზე მეტი გავიდა სუს-ის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად“.

„ეს ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა. მე ერთი წელია, სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში მეგონა, რომ მარტო ვიყავი, თუმც ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია, მე და ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?!

ცხრა თვეა, თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? ორი თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი, ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ, დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია, დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას“,- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადება გაკეთდა, რომლის თანახმადაც, გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სუს-მა აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, რომელშიც, უწყების ცნობით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაშიშერემეტევოში მომხდარი ავიაკატასტროფის მთავარი ვერსია მფრინავების შეცდომაა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია ნეიტრალიტეტზე