კონსტანტინე გამსახურდია ნეიტრალიტეტზე

როდესაც რუსეთმა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფეხის მოკიდება იწყო, შეუდგა თავად-აზნაურული გვარების აღნუსხვას, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა. მაგალითად იყო გვარი კ…ე, (შეგნებულად მოვერიდები დასახელებას) რომელსაც აზნაურად არავინ სცნობდა: არც რუსეთი, არც სხვა თავადები თუ აზნაურები. მხოლოდ თვითონ ცნობდნენ თავის თავს.

თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტიც ასეა და ჩვენც ნუ დავემსგავსებით ამ “აზნაურებს”. ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ყველა ანგარიშგასაწევმა აქტორმა ასეთად გცნოს, და მეტიც – მათი ინიციატივა იყოს ეს და შენ დაეთანხმო – მათ შორის შენს სამეზობლოში რომაა ზოგიერთი ძალიან პრობლემური სუბიექტი, საზოგადოებრივი დისკუსიის ზედაპირზე თუხთუხებს და ბუყბუყებს აზრი, ჩვენ გამოვაცხადოთ ჩვენი თავი ნეიტრალურად, თურქმენბაშის და გურბანგულ ბერდიმუხამედოვის თურქმენეთის, ჩრდილოეთ კორეაზე არანაკლებ კომიკური ქვეყნის სტილში.

ნეიტრალურ ქვეყნებს მსოფლიოში – მაგალითად შვეიცარიას და ფინეთს, გარდა იმისა, რომ ასეთად სხვებმა ცნეს, აქვთ კბილებამდე “შეიარაღებული ნეიტრალიტეტი”, (შვეიცარია) როგორც სახელმწიფოდ-ყოფნის ფილოსოფია, სახალხო 350 000 -იანი არმია, რომელიც 3 დღეში შეიკრიბება; ასევე შეიარაღებულ ძალებთან ერთად ისტორიის აქტივში ჩაწერილი აქვთ სტალინური საოკუპაციო ურდოს გაძუყვნა. (როგორ ფინეთს ზამთრის ომში)

რახან ნეიტრალიტეტზე მიდის საუბარი, ეს ნატოზე უარს ნიშნავს, ხომ? არც ამერიკის ბაზა არ გვინდაო. არადა ამერიკის ბაზა, როგორც ოფცია, ნატოს შეცვლიდა – სად გაწევრიანებასაც გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და მათ მსგავსთა ვეტო ადევს. ასე მიეთ-მოეთობს და ჯახირობს საზოგადოებრივი აზრი, მავანნი კი ამბობენ “რაც არი, რაც არა”, ვაჟასი არ იყოს.

კონსტანტინე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ თანამშრომლობენ „ფონდი ქართუ” და სახელმწიფო” – მაია ცქიტიშვილი