მახარობლიშვილი – რუსეთის ფედერაცია ცდილობს, მოახდინოს საქართვლოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას.

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას.

მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.

ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ.

banner
წინა სტატიაშიდანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ კოტე ანანიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციიდან წავიდა
შემდეგი სტატიასაჩხერის სასამართლომ ღია სივრცეში პირბადის არტარებისთვის დაწერილი ჯარიმა გააუქმა