მაკა ჯოხაძე: როცა პოეზია სიხარულია

დღეს ქართული პოეზიის დედოფლის – ანა კალანდაძის დაბადების დღეა, მას 95 წელი შეუსრულდებოდა. „თაიმერი“ გთავაზობთ ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, ქალბატონ მაკა ჯოხაძის წერილს საბა მეტრეველის წიგნზე „ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი“

ანა კალანდაძის შემოქმედებაზე არაერთი შესანიშნავი სტატია, ესეი, გამოკვლევა თუ თხზულებაა დაწერილი და, ღვთის მადლით, ეს ტრადიცია გრძელდება. თუმცა, დღეს სულიერი და ინტელექტუალური გაუდაბნოების კატასტროფული სიჩქარის ფონზე ნებისმიერი ტრადიცია ხსოვნის ინერციულ დინებადაა მიჩნეული, “ახალი ადამიანის შექმნის” გზაზე კი – ყველაზე დამაბრკოლებელ ნიშნულად. ამიტომ, ხსოვნის დაშრეტა-შეწყვეტაზე ისე გააფთრებით ზრუნავენ, როგორც ბოლშევიკურ ეპოქაში დამკვრელური შრომის ბრიგადები – ჭაობის ამოშრობაზე, მებრძოლ უღმერთოთა კავშირები – ღვთის სახელის გაქრობაზე. გლობალისტური პროცესების ეს ეპოქალური “თამაშები” რაღაცით ბზრიალას მექანიკურ აღსასრულს მოგვაგონებს, კოჭლობით რომ ამთავრებს პატარების თვალწინ მოგუგუნე, თავბრუდამხვევ ცეკვას. ბავშვის შემოქმედებითი ბუნება, მისი წარმოსახვის მდიდარი მასშტაბები აღორძინებისა და წინსვლის მომხრეა და ამიტომაც, ინფანტილური უფროსებისაგან განსხვავებით, ამ ფერადოვანი მოძრაობის შეწყვეტა-შეჩერებას მტკივნეულად განიცდის.
წიგნის ავტორმა, საბა მეტრეველმა, მიუხედავად მდიდარი ინტელექტუალური გამოცდილებისა, სწორედ ეს ბავშვური ჟინი შეინარჩუნა – რადაც არ უნდა დაუჯდეს, `თავის ტერიტორიაზე~, `თავის ბრძოლის ველზე~ (პიტერ ბრუკი) ქართული კულტურის, ქართული მენტალობის საუკეთესო ტრადიციები – სიმართლე, სინათლე, სილამაზე და პოეზიის მშვენიერება ახაროს.

ცნობილი ფრანგი პოეტი და მოაზროვნე პოლ კლოდელი შენიშნავდა, რომ მე-19 საუკუნეში, როცა დაიმსხვრა ძველი დოგმები, ფორმა-ჩარჩოები, ტრადიციები და ადამიანმა მოიპოვა აზრის თავისუფლება, მოსალოდნელი იყო, რომ, თავისუფლებასთან ერთად, ბუნებრივად იფეთქებდა ს ი ხ ა რ უ ლ ის განცდა. მაგრამ განა გამაოგნებელი არ არის, რომ მთელი მე-19 საუკუნის პოეზიაში ამ განცდას ვერსად ვნახავთ. კი, ვხვდებით ზოგჯერ სიამოვნებისა და კმაყოფილების შეგრძნებას, მაგრამ არა –ს ი ხ ა რ უ ლ ს! უსიხარულობა, ჩემი ღრმა რწმენით, არარელიგიურობიდან, უღმერთობიდან მოდის. თვით გენიალურ პოეტებსაც კი ხშირად არ შეეძლოთ სიმშვიდისა და ჰარმონიის მოტანა ჩვენთვის, რადგან არ გააჩნდათ ღმერთის განცდა. წლებთან ერთად, ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა და არამხოლოდ – ფრანგული პოეზიისთვის… უაღრესად აქტუალური გახდა იგი, ზოგადად, დღევანდელი სამყაროსათვის. ოდესღაც ღირსებითა და სიხარულით სავსე საქართველოც სამყაროს ნაწილია და ჩვენ, ყველანი, ერთად ვაკვირდებით, რწმენითა და სიყვარულით სავსე ჭებიდან როგორ ჩუმად, ნელ-ნელა მიიპარებიან მაცოცხლებელი წყლები. ამიტომ, პირადად ჩემთვის, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროის კონტექსტს, როდის, როგორი სულიერი განწყობისა და ატმოსფეროს პირობებში ხდება ამა თუ იმ წიგნის გამოცემა.

“ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი” – საბა მეტრეველის ეს ნაშრომი ბევრი რამის გამოა მნიშვნელოვანი და გამორჩეული (ისევე, როგორც მისი დანარჩენი წიგნები). უპირველეს ყოვლისა კი, უკვე ნახსენები იმ სიხარულის განცდის გამო, ასეთი გადამდები რომაა ანა კალანდაძის პოეზიაში. წიგნში რელიეფურად იკვეთება ანას რელიგიურობა და ეკლესიური ცხოვრების ცოდნა. ამიტომ, სიამოვნებით ვეთანხმები წიგნის ავტორს, როდესაც ანა კალანდაძეს მე-20 საუკუნის (განსაკუთრებით მეორე ნახევრის) ქართულ პოეზიაში ყველაზე რელიგიურ ავტორად მიიჩნევს. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით იგივე შეიძლება გავიმეოროთ ქართულ პროზაში ზაირა არსენიშვილის მისამართითაც.
უნდა აღინიშნოს ის ინფორმაციული სიმდიდრე, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით რომ მოიპოვა ავტორმა. მჯერა, რომ სხვადასხვა თაობის მკითხველებისათვის ბევრი რამ ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. წიგნში შთამბეჭდავად, დინამიკურად, თითქმის შეულამაზებლადაა წარმოჩენილი ანას ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ეტაპი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ანას მიერ წინასწარ განჭვრეტილ ბედისწერას:

“ბედი ჰქონდეს – თქვა შავთვალა ანგელოსმა,
ბედი ჰქონდეს?.. ხა… ხა… ხა… ხა…
არასოდეს!”

გზადაგზა მიჰყვება მკვლევარი და მთლიანობაში არაჩვეულებრივი სისავსით იხატება ანას კიდევ ერთი პორტრეტი. საბა მეტრეველისეული თხრობის, ანალიზისა თუ შეფასებისას ტექსტში უჩვეულო ბუნებრიობით, ორგანულად შემოდის სხვადასხვა ავტორთა ციტატები. ამას კი არა მხოლოდ მეცნიერული ეთიკა და კოლეგიური პატიოსნება განაპირობებს, არამედ იმ სიამოვნების განცდაც, როცა ხედავ, ერთსა და იმავე საკითხზე ერთმანეთს როგორ ემთხვევა სხვადასხვა ავტორთა აზრი.

ანას მიერ საკუთარი ლექსების კითხვის მანერისთვის არაერთგზის მიუქცევიათ ყურადღება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საბა მეტრეველმა ეს საკითხი უაღრესად ღრმად და ნიჭიერად განავრცო. მთელ წიგნში დამაჯერებლად მოჩანს კომუნისტური რეჟიმის ფონზე ანას შემოქმედებითი შეუპოვრობა და განუწყვეტელი სწორება ღვთის სახედ და ხატად შექმნილ ადამიანზე. ამის გაცნობიერებითა და რწმენითაა ნაკვები მისი ჯიუტი, კერპი ხასიათი, უკომპრომისო, ღრმა ინტელექტი და სათუთი, მგრძნობიარე ბუნება ერთდროულად. ყოველივე ამის გამო კი საბა მეტრეველს, ერთი შეხედვით იმ “მოულოდნელ”  შეფასებაშიც ეთანხმები, როდესაც იგი დისიდენტების გვერდით, რამდენიმე ქართველ პოეტთან ერთად, ანას გარკვეულ წილზეც საუბრობს საბჭოთა კავშირის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, დემონტაჟის საქმეში.

დაბოლოს, რაც ყველაზე მეტად მენიშნა: პირადად ჩემთან საუბარში ანას არაერთგზის დაუჩივლია ჟურნალისტთა უტაქტობასა თუ რეცენზენტთა ფანტაზიებზე – ისეთ რამეს დაგაბრალებენ, ისე წაიკითხავენ და გაშიფრავენ ამა თუ იმ მეტაფორას, რომ გაოგნდები, როცა, საერთოდ, აზრად არ მოგსვლია და ეს ხშირად მაღიზიანებსო. აი, ამ ფამილარობისა და `აღმოჩენებისაგან~ საბა მეტრეველის წიგნი აბსოლუტურად დაცულია.
სიყვარულით, დიდი პასუხისმგებლობით, ობიექტურობით, სამართლიანობის გრძნობითა და შესაშური სისადავითაა წიგნი შესრულებული. ასე მგონია, ანას რომ წაეკითხა, კმაყოფილი დარჩებოდა. `კმაყოფილი~… ამ ვარაუდს დავჯერდეთ, – ანას მაინცდამაინც არ უყვარდა ემოციების საჯაროდ გამოხატვა. თავის დღიურში კი, საბა მეტრეველზე, ვფიქრობ, გაცილებით გულგახსნილ და სასიამოვნო სიტყვებს ჩაწერდა.

 

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა შეკრება დაიწყეს
შემდეგი სტატიაპირველად საქართველოში ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა