მაკა ბერიძე: ჩვენ გვჭირდება აუდიტორიებში დაბრუნება, რათა სრულფასოვნად გავაგრძელოთ საუნივერსიტეტო ცხოვრება

სტუდენტურ აქციას -„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტი შეუერთდა.

„პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა მოვახსენო ამ კამპანიის ორგანიზატორებს.
სულაც არ იყო გასაკვირი, რომ ეს კამპანია სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს და სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტიც დიდი ენთუზიაზმითა და დადებითი მოლოდინებით შეუერთდა მას. სტუდენტებმა აიტაცეს იდეა, საზოგადოებისთვის აქტიურად მოეწოდებინათ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, უნივერსიტეტის რეალობიდან გამომდინარე, სტუდენტებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

„დღეს ჩვენ, უნივერსიტეტის რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, აცრის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი არ არის, პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაბალია. თუ ჩვენი აკადემიური პერსონალის 90%-ზე მეტი და ადმინისტრაციის 80%-მდე აცრილია, აბსოლუტურად სხვაგვარი ვითარებაა სტუდენტებში. რატომ არის ეს კამპანია მნიშვნელოვანი? – ჩვენ სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია, შევხვდით, მოვუწოდეთ, ვესაუბრეთ, მაგრამ თავად ახალგაზრდების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას და მოწოდებებს უფრო კარგად შეხვდა ჩვენი სტუდენტობა და, შესაბამისად, ვაქცინაციის ამ კამპანიას იმედით ვუყურებთ. როგორც გითხარით, ჩვენი სტუდენტები ხსენებულ კამპანიას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ და, საერთო ჯამში, ძალიან სასარგებლო და ხალისიანი ღონისძიება გამოგვივიდა. ინფორმაციის მიღებისთანავე რამდენიმე სტუდენტისგან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც მეგობრებს მიაწოდეს ინფორმაცია კამპანიის შესახებ.

სტუდენტებმა სწორად შეარჩიეს ადგილი, ქალაქ ახალციხის ცენტრში დაგეგმეს კამპანია, სწორად გადაინაწილეს როლები, ისინი თეთრი ხალათებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, დაარიგეს ბუკლეტები, ვაქცინაციის პროცესთან შეერთების მიზნით შეაგროვეს სიმბოლური ხელმოწერები. ყველაზე საინტერესოა ის, რომ აქცია არ იყო სტატიკური და ერთ ადგილზე ლოკალიზებული. ჩვენი სტუდენტები დადიოდნენ, ხვდებოდნენ გამვლელებს, უხსნიდნენ ვაქცინაციის არსს და თანხმდებოდნენ, რომ აცრა ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა გამვლელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ სჯეროდათ მათი. სტუდენტები დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება. ჩვენმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს მსგავსი ღონისძიების უნივერსიტეტშიც ჩატარება, სადაც ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს გაუწევს კონსულტაციას. სხვათა შორის, აქციის დაწყებისას იქ იმყოფებოდა არავაქცინირებული 5 სტუდენტი, რომლებიც აქციის შემდეგ აიცრნენ.

აქცია ვიდეორგოლებით დაფიქსირდა და ის სოციალურ ქსელშიც გავრცელდება. ეს კამპანიაც ამ ფორმით გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება სტუდენტთა თანადგომა აუდიტორიებში დასაბრუნებლად. მე გავბედავ და საზოგადოებას ვთხოვ – არაფერია დაცარიელებულ აუდიტორიებზე, სტუდენტების ხმაურს მოკლებულ ცარიელ ეზოსა და ცარიელ დერეფნებზე საშინელი. ამიტომ გთხოვთ, აიცერით, რადგან სწორედ აცრა და ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების თანადგომა დაგვიბრუნებს სტუდენტებს, გახსნის აუდიტორიებს, განაახლებს სასწავლო პროცესს. ჩვენ გვჭირდება ვაქცინაცია, რათა დავბრუნდეთ აუდიტორიაში, ჩვენ გვჭირდება დავბრუნდეთ აუდიტორიებში, რათა სრულფასოვნად გავაგრძელოთ საუნივერსიტეტო ცხოვრება“, – განაცხადა მაკა ბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: აშშ მხარს დაუჭერს საქართველოში გამთლიანების პროცესის დაწყებას
შემდეგი სტატია„ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება