“გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს”

ლევან გაჩეჩილაძეს “მაესტროს” შენობაში შესვლის პრობლემა არ ექნება, თუმცა არა როგორც დირექტორს, არამედ როგორც ლევან გაჩეჩილაძეს, – ამის შესახებ “მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია.

ამასთან, მაკა ასათიანის თქმით, გაჩეჩილაძის დირექტორობასთან დაკავშირებით, “მაესტროს” გუნდმა პოზიცია ერთობლივი განცხადებით უკვე დააფიქსირა.

“აქ ერთად ვმუშაობთ. გუნდმა პასუხი გასცა ყველაფერს და მე ვარ გუნდის წევრი. მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი გუნდი და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. საშვის დაშვების შემდეგ ყველას აქვს უფლება შენობაში შემოვიდეს. გია გაჩეჩილაძეს, რომელიც დამფუძნებელია, შენობაში მოსვლის უფლება აქვს, ამაში პრობლემა არ შეექმნება არც ლევან გაჩეჩილაძეს,” – განაცხადა მაკა ასათიანმა.

რაც შეეხება “მაესტროს” 3 თანამშრომლის განსხვავებულ პოზიციას, ასათიანის თქმით, ეს მისთვის მტკივნეული თემაა.

“სამი გოგონა არ იზიარებს გუნდის პოზიციას. ძალიან განვიცადე, რომ 3 ადამიანი ერთობლიობას დაარღვევდა, ალბათ, ჩემი მხრიდანაც იყო გარკვეული შეცდომები, რადგან მათ გუნდის გაერთიანებაში ეჭვი შეიტანეს. ეს მტკივნეული იყო”, – აღნიშნა ასათიანმა.

 

banner
წინა სტატიაში“წილის გაყიდვას არ ვაპირებ” – მაკა ასათიანი ირაკლი რუხაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაეს არის მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია – კახა კალაძე ცესკოში საკადრო ცვლილებებზე საუბრობს