მაია რჩეულიშვილს ამნისტიის აქტი შეეხო, თუმცა საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონი შეეხო, თუმცა პენიტენციური დაწესებულების დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რჩეულიშვილს „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონით სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ის მუხლები, რომლის მიხედვითაც რჩეულიშვილია გასამართლებული, ორ დათქმას ითვალისწინებს. კერძოდ, დაზარალებულების დაკმაყოფილებას და მათ თანხმობას.

ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ორი პუნქტიდან ერთი უკვე შესრულებულია და „მიონის“ ეპიზოდზე დაზარალებული 170 ადამიანი უკვე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორეს – დაზარალებულთა თანხმობას, ადვოკატის თქმით, რჩეულიშვილი საპყრობილეს დატოვებს მაშინვე, როგორც კი ამას დაზარალებულებიც დათანხმდებიან.

„მიონის“ ეპიზოდზე საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობსო. ველოდებით პროკურატურის პირობებს საპროცესო შეთანხმებაზე და პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ „ამნისტიის შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე რა შეიძლება გაკეთდეს. იმ ბრალით, რაც მაია რჩეულიშვილს წარდგენილი აქვს და რა მუხლითაც ის მსჯავრდებულია, ამნისტიით სასჯელი უნახევრებდა, თუმცა, იქ პირობებია დათქმული – ზარალი უნდა იყოს ანაზღაურებული და ასევე, დაზარალებულების თანხმობა უნდა იყოს. პირველი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ზარალი ანაზღაურებულია და ის სადავო თანხა „ცენტრ პოინტის“ ანგარიშიდან „მიონის“ მენაშეების ანგარიშზე გადარიცხულია. ასევე, მოძებნილია ინვესტორი, რომელსაც „ცენტრ პოინტის“ შესაბამისი აქტივები გადაეცა და სწორედ, ამ აქტივების სანაცვლოდ ის შეუდგა მუშაობას და დაასრულებს მთლიან კორპუსს. დაზარალებულის მოთხოვნა მთლიანად იქნება შესრულებული, უკვე სამუშაოები მიმდინარეობს.

სადავო თანხა, რომელსაც მაია რჩეულიშვილს ედავებოდნენ, დაახლოებით, 4-5 თვეა, გადარიცხულია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ობიექტზე შევიდა და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს“, – განაცხადა ვათიაშვილმა.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მსჯავრდებული არიან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი. მისჯილი 7 წლიდან მაია რჩეულიშვილს 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეიცველბა 1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის წესები
შემდეგი სტატიავოლსკი – აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება