“მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” – საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო

“სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ამ სახელწოდების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ პირს არ აქვს პროკურორის იმ დადგენილების გასაჩივრების უფლება, რომელიც ეხება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის გამოძიებაზე უარის თქმას.

„დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, რომელთა მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურის მიერ გამოტანილ დადგენილებას გამოძიების, ანდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, არ საჩივრდება სასამართლოში. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“ – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

იურისტ ქრისტინე კუპრავას განცხადებით, მოცემული რეგულაცია არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ ყოველივეს განაპირობებს ის სტატისტიკური მონაცემები და ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის და მერაბ მიქელაძის უფლებადამცველი კი რეგულაციის პრობლემურობაზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიზეზითაც მაჩალიკაშვილს და მიქელაძეს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვთ.

„გასაჩივრებულია სისხლის სამართლებრივი ნორმები, რომელიც გამორიცხავს დაზარალებულის მხრიდან პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას სასამართლოში, რომელიც შეეხება მასალების წვდომაზე უარის თქმას. მალხაზ მაჩალიკაშვილს და მერაბ მიქელაძეს საერთოდ დაზარალებულის სტატუსიც არ მინიჭებიათ საქმეში, შესაბამისად ვერც საპროცესო უფლებებით სარგებლობენ და ეს არის პრობლემური,“ განაცხადა ადვოკატმა თამარ სამხარაძემ.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიდედა ტერეზაც კი კორუფციონერი გახდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში – ვაშაძე
შემდეგი სტატია“გადასატანი ყუთის სიაში ჰყავთ შეყვანილი ჯანმრთელი ადამიანები,” – ელენე ხოშტარია