ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში წერია, გერმანულ ლაბორატორიაში მაისურაძის ნიმუშში „ოსტარინი” აღმოჩნდა, რომელიც WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არა-სპეციფიკური) ნივთიერებად.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ლუკა მაისურაძის საკითხის შუალედური განხილვის დროს საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რეაბილიტოლოგის – დიმიტრი ბაღათურიას ახსნა-განმარტებაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ სპორტსმენი მასთან კონკრეტული ჩივილებით მივიდა მარტის ბოლოს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით მოიძია ახალი ამერიკული პრეპარატი Brain.

მისი განმარტებით ირკვევა, რომ გადახედა შემადგენლობას, დარწმუნდა, რომ მასში სპორტსმენისთვის საზიანო არაფერი იყო, არც რომელიმე აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და ამის შემდეგ მისცა ლუკა მაისურაძეს. სპორტსმენის მხარე განხილვაზე მიუთითებდა, რომ მაისურაძე ენდო რეაბილიტოლოგს, თუმცა, ვიდრე დაიწყებდა დანამატის გამოყენებას, მაინც გაეცნო ეტიკეტს, სცადა ინტერნეტში გუგლის მეშვეობით მოეძიებინა ინფორმაცია მისი შემადგენლობის შესახებ, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქტივისტის სანახავად ციხეში ოჯახის წევრებს არ უშვებენ
შემდეგი სტატია“როსავიაციამ” Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა მისცა