ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ერის უმრავლესი ნაწილი, რომელიც დღეს ღელავს, არ აქვს მნიშვნელობა, განსხვავებული შეხედულებების არიან თუ არა, ყველას სურს საქართველოს გადარჩენა, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე დანიელის თქმით, კატეგორიულობა არა თუ ვერ მოემსახურება ქვეყანას, არამედ დააზიანებს, გაანადგურებს მას.
„ივერია გადარჩა, მოვიდა დღემდე და დღეს აგრძელებს თავის ტრიუმფალურ სვლას ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სადარაჯოზე. დღესაც ვხედავთ, როგორც წარსულში, უამრავი ხილული თუ უხილავი ბოროტი ძალა ცდილობდა, რომ ჩვენს ერში შემოეტანა თავისი გავლენა, რომ შეცვლილიყო ჩვენი ვექტორი, მოვწყვეტოდით ჩვენს სულიერ და ეროვნულ ღირებულებებს, ეს ვერ მოხდა და არ მოხდება არასოდეს. დღეს, როდესაც ჩვენი ერი ღელავს, ღელავს იმიტომ, რომ ყველას საქართველოს გადარჩენა უნდა. რასაკვირველია, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ერის უმრავლესი ნაწილი, რომელიც დღეს ღელავს, არ აქვს მნიშვნელობა, განსხვავებული შეხედულებების არიან თუ არა, ყველას სურს საქართველოს გადარჩენა, ამიტომ ჩვენ ყველას ვულოცავთ, მაგრამ ვაფრთხილებთ, ყველას ვაფრთხილებთ, რომ საშიშია არა სამშობლოს დაცვისათვის მზადყოფნა, თავგანწირვისათვის მზადყოფნა, არამედ საშიშია, ჩვენ გადავიხაროთ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, რამეთუ ყოველგვარი გადახრა, ეს არის მოწყვეტა ღვთისაგან. ჩვენი ერის აბსოლუტური უმრავლესობა ამ გზაზე დადიოდა და ჩვენი ერის აბსოლუტური უმრავლესობა ერთგულია დედაეკლესიისა, თავისი სამშობლოსი. მზად არის, მისთვის სიცოცხლე გასწიროს, მაგრამ ისევ შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ერს, როგორც კი მარცხნივ ან მარჯვნივ იქნება გადახრა და ეს იქნება რაღაც რადიკალიზმი, კატეგორიულობა, ეს არათუ ვერ მოემსახურება ვერც ჩვენს სარწმუნოებას, ვერც ჩვენს ქვეყანას, არამედ დააზიანებს, გაანადგურებს მას. ამიტომ სიყვარულით უნდა გავერთიანდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, რომელიც არის სამეუფო გზა.
სწორედ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ერთობა დაგვიცავს ხილული და უხილავი ბოროტი ძალებისაგან. სწორედ დღეს ეს სჭირდება საქართველოს – დედაეკლესიის წიაღში გამთლიანება და ვერავითარი ვერც მემარცხენე და ვერც მემარჯვენე ძალები ვერავითარ ზიანს ვერ მოუტანს საქართველოს. საქართველო გადარჩება, გაბრწყინდება, მაგრამ რაც უფრო მალე დავუბრუნდებით დედაეკლესიის წიაღს, მით უფრო მალე მოხდება ეს. მთელი ივერია უნდა გაბრწყინდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება დიდი გულისტკივილი. შეიძლება, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც მართლმადიდებლობას სცილდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მივდივართ იქითკენ, რომ მართლმადიდებლობა დავამყაროთ და ეს იყოს სახელმწიფოებრივ დონეზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ დედაეკლესიის წიაღში ყოფნა გადაარჩენს ივერიას“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.