ლომჯარია: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ, რომ დაჩქარდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად სახალხო დამცველი ჩავიდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას არ აქვს ახალი ინფორმაცია, როდის გეგმავს საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემას.
ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატს ტატუნაშვილის საქმეზე ინფორმაცია გადაცემული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და იყენებს ყველა კავშირს, რათა დაჩქარდეს ცხედრის გადმოსვენება.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ მას ასევე აინტერესებს ოჯახის პოზიცია, რამდენად არიან კმაყოფილი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით და ხომ არ აქვთ დამატებითი მოთხოვნები.
,,ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდინეთ ხმა, ვცდილობთ, კიდევ დამატებითი კავშირები გამოვიყენოთ, რაც დააჩქარებს ცხედრის გადმოსვენებას. ასევე მე დავინტერესდები თავად ოჯახს რა აქვს სათქმელი ჩემთან, როგორც სახალხო დამცველთან. რამდენად არის კმაყოფილი ხელისუფლების მხრიდან ყურადღებით და იმ ნაბიჯებით, რაც იქნა გადადგმული.
ხომ არ აქვს კიდევ დამატებითი მოთხოვნები და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ კონკრეტული ახალი ინფორმაცია არ მაქვს, რაც შეიძლება ოჯახს გადავცე,“-განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში ელოდებიან რუსეთის საპატრიარქოდან წერილობით პასუხს, სადაც სავარაუდოდ, უფრო დეტალურად უნდა იყოს განმარტებული, თუ როდის დასრულდება ტატუნაშვილი ცხედრის ექსპერტიზა.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე – შესაძლოა დღეს პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი დაკითხონ
შემდეგი სტატიარუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს