ლომჯარია – ირაკლი კობახიძის განცხადებები „პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური“ იყო

მე ვაკეთებ ჩემს საქმეს – კობახიძის განცხადებები იყო წმინდა პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ნინო ლომჯარია “ომის პარტიის” წარმომადგენელია.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პოლიტიკურ თავდასხმებს აქვს ადგილი და არ არსებობს არცერთი კვალიფიციური არგუმენტი, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას ეჭვის ქვეშ დააყენებს.

“ადამიანის უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობის. ამიტომ ჩემი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით ვფიქრობ, სწორედ ამ მიზანს ვემსახურები. დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნისა. ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არცერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. არ ვიცი, ეს პოლიტიკურად მათთვის რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისიწინებენ და ძლიერი აღაიარება ექნება”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა “ქართული ოცნების” მხრიდან კვლავ “თავდასხმა სახალხო დამცველზე”, ლომჯარია ამბობს – “არ ვიცი, ვერ გეტყვით”.

“ვაკვირდებით, რომ პოლიტიკურ თავდასხმას აქვს ადგილი, როდესაც მათთვის პოლიტიკურად არასასურველ განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ არ ვახორციელებთ პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ მიუკერძოებლად და არავითარი პოლიტიკა, მაგალითად, გუშინდელ დასკვნაში არ იყო. ალბათ, თავდასხმები იმიტომ ხდებაც რომ არ არსებობს კვალიფიციური კონტრარგუმენტი, რომელიც გააბათილებდა იმ შეფასებას, რასაც სახალხო დამცველი აკეთებს ხოლმე. ასე, ალბათ უმარტივდებათ ოპონენტის მიმართ, ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის კრიტიკა. მაგრამ მათი პოზიციები არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, “დღეს კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და რთულია, ეს გამოვიყენოთ საპირწონედ სამედიცინო არგუმენტაციებოსა და დასკვნისა”.

banner
წინა სტატიაშიშარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისრაელის კლინიკაში მოინახულა
შემდეგი სტატიაკონგრესმენი დენ მიუზერი – რუსეთისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას, ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ შეუძლია საქართველოში მიბრუნება